ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთმა ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმა განახორციელა, რუსეთს ამერიკის მიმართ ასეთი აშკარა უპატივცემულობა აქამდე არასდროს გამოუვლენია

11:01, 14.10.2026

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა ღამით უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მიზანმიმართული ბალისტიკური დარტყმა განახორციელა, რითაც აშშ-ის მიმართ უპატივცემულობა გამოხატა.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ღამის განმავლობაში რუსეთმა უკრაინის ენერგეტიკული და კრიტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ 39 ბალისტიკური რაკეტა და 120-ზე მეტი დრონი გამოიყენა. მისი თქმით, დარტყმების სამიზნე იყო კიევი, კიევის ოლქი და ხარკოვი.

„რუსეთმა ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მიზანმიმართული ბალისტიკური დარტყმა მაშინ განახორციელა, როდესაც ამერიკის პრეზიდენტმა სწორედ ამ მიმართულებით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა. დარტყმა სრულიად გააზრებული იყო და საჩვენებელი – რუსეთს ამერიკის მიმართ ასეთი აშკარა უპატივცემულობა აქამდე არასდროს გამოუვლენია. რუსეთი აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებებს დამაჯერებლად არ მიიჩნევს“, – წერს ზელენსკი.

მისივე თქმით, ამ დროისთვის ელექტროენერგიის გარეშე, სულ მცირე, 600 000 ადამიანია დარჩენილი, თუმცა გათიშვების მასშტაბი, შესაძლოა, კიდევ უფრო გაიზარდოს.

„ჩვენ მოვუწოდებთ ამერიკას და მსოფლიოში ყველას, ვინც თვალს არ ხუჭავს რეალობაზე, მოახდინონ რეაგირება, თანაც მტკიცე რეაგირება. რუსეთმა ხელიდან გაუშვა დეესკალაციის შესაძლებლობა და ნათლად გადაწყვიტა, გააგრძელოს თავისი გიჟური, გამანადგურებელი ომი. ჩვენ ვთხოვთ პრეზიდენტ ტრამპს, რუსეთს მკაცრი სანქციები დაუწესოს, მით უმეტეს, რომ ლინდსი გრემის კანონპროექტი, რომელიც ცოტა ხნის წინ მიიღეს და ხელი მოეწერა, ამის შესაძლებლობას იძლევა და შესაბამის მექანიზმებს განსაზღვრავს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტს აქვს ყველა საჭირო და საკმარისი ინსტრუმენტი იმისთვის, რომ ძალის, სამართლიანობისა და აგრესორზე ზეწოლის გზით მშვიდობის დამყარება დააჩქაროს.

ზელენსკიმ ასევე მოუწოდა პარტნიორებს, უკრაინას „პეტრიოტის“ საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის დამატებითი რაკეტები მიაწოდონ.

„ჩვენ სრულიად სამართლიანად ვეუბნებით შეერთებულ შტატებს, ევროპასა და ყველა ჩვენს პარტნიორს, რომ მსოფლიოს არცერთი ქვეყანა არ უნდა დარჩეს მარტო ისეთი არაადეკვატური და ომისკენ მიდრეკილი სუბიექტის პირისპირ, როგორიც რუსეთია“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მსგავსი