ვოლოდიმირ ზელენსკი - თუ არ იქნება ნამდვილად მტკივნეული სანქციები, საჭირო შეიარაღებით ჩვენი მომარაგება, მაშინ რუსეთი ამას განიხილავს ნებართვად დონბასში ახალი სისხლიანი ტალღის დასაწყებად
ვოლოდიმირ ზელენსკი - თუ არ იქნება ნამდვილად მტკივნეული სანქციები, საჭირო შეიარაღებით ჩვენი მომარაგება, მაშინ რუსეთი ამას განიხილავს ნებართვად დონბასში ახალი სისხლიანი ტალღის დასაწყებად

თუ არ იქნება ნამდვილად მტკივნეული სანქციების პაკეტი რუსეთის წინააღმდეგ და ჩვენთვის რეალურად საჭირო შეიარაღებით მომარაგება, რომლის თაობაზეც არაერთხელ მოგმართეთ, მაშინ რუსეთი განიხილავს ამას როგორც ნებართვას, ნებართვას წინსვლისთვის, იერიშისთვის, ნებართვას დონბასში ახალი სისხლიანი ტალღის დასაწყებად, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა.

„კიდევ შეიძლება იმ სანქციების დაწესება, რომელსაც უკრაინა, ჩვენი ხალხი მოითხოვს. კიდევ შეიძლება მოგვცეთ ისეთი იარაღი, რომელიც რეალურად შეაჩერებდა ამ აგრესიას. დასავლეთს შეუძლია ამის გაკეთება, ისევე როგორ შეეძლო გამოეყენებინა პრევენციული სანქციები ჯერ კიდევ გასულ წელს, რათა არ დაწყებულიყო ეს ომი, არ დაწყებულიყო ეს შეჭრა. თუ კიდევ იქნება შეცდომა დაშვებული, თუ პრევენციული ქმედებები არ იქნება მეორედ, ეს იქნება მთელი დასავლეთის ისტორიული შეცდომა“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკი აღნიშნავს, რომ გააგრძელებენ საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისგან რუსეთის საბანკო სისტემის სრული ბლოკირების მოთხოვნას და მოთხოვნას, რომ დემოკრატიულმა სამყარომ უარი თქვას რუსულ ნავთობზე.

მისივე თქმით, დღეს დასავლეთმა გააჟღერა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის შესახებ, რომლითაც იბლოკება რუსეთში ახალი ინვესტიციები, წესდება შეზღუდვები რუსეთის რამდენიმე სისტემურ ბანკზე და ემატება პერსონალური სანქციები, ასევე სხვა შეზღუდვები.

„ეს პაკეტი ეფექტურად გამოიყურება, თუმცა ეს ცოტაა“, – აცხადებს ზელენსკი.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, არსებობს ინფორმაცია, რომ რუსმა სამხედროებმა შეცვალეს ტაქტიკა და ცდილობენ, ქუჩებიდან და სარდაფებიდან გარდაცვლილთა ცხედრები გაიტანონ. მისივე თქმით, ეს არის მტკიცებულებების დაფარვის მცდელობა. ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსი ოკუპანტები განაგრძობენ საბრძოლო ძალის ზრდას, რათა თავიანთი ამბიციები განახორციელონ დონბასში.

„თუ მსოფლიომ დაიწყო დისკუსია იმის თაობაზე, დასაშვებია თუ არა გენოციდად მოხსენიება იმის, რაც რუსმა სამხედროებმა უკრაინის ტერიტორიაზე ჩაიდინეს, მაშინ სიმართლის ძიების შეჩერება უკვე შეუძლებელი იქნება“,- აღნიშნა ზელენსკიმ.

როგორც ზელენსკი აცხადებს, ირლანდია სრულად უჭერს მხარს უკრაინის ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებას. მისივე თქმით, 7 აპრილს სიტყვით მიმართავს საბერძნეთისა და კვიპროსის პარლამენტებს.