ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ 3,5 ათასი ფრთოსანი რაკეტა იქნა გამოყენებული
ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ 3,5 ათასი ფრთოსანი რაკეტა იქნა გამოყენებული

რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ 3,5 ათასი ფრთოსანი რაკეტა იქნა გამოყენებული, – აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ მიმართვაში განაცხადა.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ გამართა შეხვედრა თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის წარმომადგენლებთან, რომლებთანაც მოწინავე ხაზზე და სხვადასხვა ქალაქში არსებული მდგომარეობა, ასევე მოახლოებულ სადღესასწაულო დღეებში უსაფრთხოების საკითხები განიხილა.

ზელენსკიმ განაცხადა, რომ შესაბამისმა სამსახურებმა დაასრულეს ხარკოვში რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად დანგრეული სახლის გაწმენდითი სამუშაოები. მისი თქმით, ამ ერთმა დარტყმამ 19 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ხოლო ასეთი დარტყმები უკვე 180 დღეა, არ წყდება.

„სხვადასხვა ფრთოსანი რაკეტის საერთო რაოდენობა, რომლებიც რუსეთმა ჩვენს წინააღმდეგ გამოიყენა, უკვე 3,5 ათასს უახლოვდება. რუსული არტილერიის დარტყმების დათვლა უბრალოდ შეუძლებელია – იმდენად ბევრია, იმდენად ინტენსიურია. ამავდროულად, ტერორისტი სახელმწიფო არ წყვეტს თამაშს საერთაშორისო სტრუქტურებთან და კიდევ ერთხელ თავხედურად მოიწვია გაერო-ს უშიშროების საბჭო, რათა განიხილოს საკუთარი პროვოკაციები, საკუთარი ტერორი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ევროპის იმ სახელმწიფოებს, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტზე მსჯელობენ, უკრაინელებს კი მთელ მსოფლიოში მოუწოდა, გაავრცელონ სიმართლე რუსეთის დანაშაულების შესახებ.

„ძვირფასო უკრაინელებო, განსაკუთრებით ამ დღეებში, როდესაც ჩვენ ვზეიმობთ ჩვენი დროშის დღეს და ჩვენი დამოუკიდებლობის დღეს, თუ თქვენ იმყოფებით სადმე საზღვარგარეთ, შეახსენეთ იქ უკრაინის შესახებ, იყავით იქ უკრაინის დროშით და გაავრცელეთ სიმართლე ოკუპანტების დანაშაულებზე“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.