ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთის მიერ უკრაინაზე ღამის განმავლობაში კომბინირებული დარტყმის მთავარი სამიზნე კვლავ ენერგეტიკული ობიექტები იყო
რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაზე ღამის განმავლობაში კომბინირებული დარტყმის მთავარი სამიზნე კვლავ ენერგეტიკული ობიექტები იყო, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთის მიზანია, ზიანი მიადგეს მილიონობით უკრაინელს და წმინდა ნიკოლოზის დღეს მშვიდობიან ქალაქებს ბომბავს.
ზელენსკის მტკიცებით, რუსეთის მიერ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე განხორციელებული დარტყმების შემდეგ, ამჟამად ბევრ რეგიონში აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.
ზელენსკის განცხადებით, კიევის რეგიონში იყო დარტყმები ბიზნესებსა და საცხოვრებელ შენობებზე, ასევე დაზარალდა დნეპრის, ჩერნიგოვის, ზაპოროჟიეს, ოდესის, ლვოვის, ვოლინისა და ნიკოლაევის ოლქები. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთმა გასულ ღამეს უკრაინის მიმართულებით 650-ზე მეტი დრონი და 51 რაკეტა გაუშვა. უკრაინის რვა რეგიონში ენერგეტიკული ობიექტები და ფასტივის მთავარი რკინიგზის კვანძი დაბომბეს. უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს და ჩაახშეს 615 საჰაერო სამიზნე. რაკეტებითა და 60 უპილოტო საფრენი აპარატით 29 ადგილზე დარტყმა განხორციელდა.