ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთის მასობრივი თავდასხმის შემთხვევაში პოლონეთი საკუთარი მოქალაქეების გადარჩენას ვერ შეძლებს
ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთის მასობრივი თავდასხმის შემთხვევაში პოლონეთი საკუთარი მოქალაქეების გადარჩენას ვერ შეძლებს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვარაუდობს, რომ რუსეთის მასობრივი თავდასხმის შემთხვევაში პოლონეთი საკუთარი მოქალაქეების გადარჩენას ვერ შეძლებს. ამის შესახებ ზელენსკიმ „სქაი ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„ჩვენი საჰაერო ძალები საჰაერო თავდაცვის დანაყოფებით, მობილური ჯგუფებით, გამანადგურებლებით და დრონებით – ეს ყველაფერი 810 დრონის წინააღმდეგ მუშაობდა. იმ დღეს მათ 700 ჩამოაგდეს და ეს დიდი რიცხვია. ახლა შეგვიძლია, შევადაროთ, მაგალითად, პოლონეთს. ეს არ არის გზავნილი ჩვენი პოლონელი მეგობრებისთვის, ისინი არ არიან საომარ მდგომარეობაში. ამიტომ ნათელია, რომ ასეთი რამისთვის მზად არ არიან. თუ შევადარებთ: 810 დრონიდან ჩვენ 700-ზე მეტი ჩამოვაგდეთ და ვფიქრობ, მათ 19 დრონი ჰქონდათ ჩამოსაგდები და ოთხი ჩამოაგდეს. რა თქმა უნდა, ისინი ვერ შეძლებენ ხალხის გადარჩენას, თუ ქვეყანაზე მასშტაბური შეტევა განხორციელდება“, – აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.

ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინას შეუძლია სხვა პარტნიორი ქვეყნების სამხედრო პერსონალის მომზადება, რადგან, მისი თქმით, ისინი ომის დასაწყისიდანვე ეხმარებოდნენ.

ცნობისთვის, 10 სექტემბრის ღამეს, რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული მასშტაბური თავდასხმის დროს პოლონეთის საჰაერო სივრცე რამდენიმე დრონმა დაარღვია. გერმანული მედიის ინფორმაციით, რუსული დრონების ნაწილი ნატო-ს ბაზისკენ მიფრინავდა. თუმცა პოლონეთის საჰაერო სივრცეში უპილოტო საფრენი აპარატების შეჭრას ნატო თავდასხმად არ განიხილავს, რადგან დრონების ნამსხვრევებში ასაფეთქებელი მოწყობილობები არ აღმოჩნდა.