ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთი ნავთობის ტანკერებს სადაზვერვო ინფორმაციის შეგროვებისა და დივერსიული ოპერაციებისთვის იყენებს, მნიშვნელოვანია, რუსეთის მიმართ ჩვენი პარტნიორების რეაგირება იყოს რეალური
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთი ნავთობის ტანკერებს სადაზვერვო ინფორმაციის შეგროვებისა და დივერსიული ოპერაციებისთვის იყენებს. ამის შესახებ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში აღნიშნა.
ზელენსკის თქმით, აღნიშნული ინფორმაცია უკრაინის საგარეო დაზვერვის უფროსისგან მიიღო და ამ ინფორმაციას პარტნიორებს უზიარებს, რადგან მათი რეაგირება რუსეთის მიმართ იყოს რეალური.
„დაზვერვის უფროსმა დეტალურად მომახსენა, როგორ იყენებს რუსეთი ტანკერებს თავისი „ჩრდილოვანი ფლოტიდან“ არა მხოლოდ ომის დასაფინანსებლად, არამედ დივერსიული და დესტაბილიზაციური ოპერაციების ჩასატარებლად ევროპაში. ტანკერებიდან დრონების გაშვების ბოლოდროინდელი შემთხვევები, ერთ-ერთი ასეთი მაგალითია. ჩვენ ვუზიარებთ ამ ინფორმაციას პარტნიორებს და მნიშვნელოვანია, რომ მათი რეაგირება რუსეთის მიმართ იყოს რეალური. პარტნიორებთან როგორც საჯარო, ისე კონფიდენციალური შეხვედრები და მოლაპარაკებები გაგრძელდება. რუსებმა უნდა იცოდნენ, რომ მათი არცერთი დესტრუქციული ქმედება მსოფლიოს მხრიდან უპასუხოდ არ დარჩება“, -განაცხადა ზელენსკიმ.