ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთი ევროპის წინააღმდეგ გაზის ღია ომს აწარმოებს
რუსეთი ევროპის წინააღმდეგ გაზის ღია ომს აწარმოებს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა. მან რუსეთის მიერ ევროპისთვის გაზის მიწოდების შემცირებას ტერორის ერთ-ერთი ფორმა უწოდა და მოუწოდა ევროკავშირს, რომ ამ შანტაჟს უფრო მკაცრი სანქციებით უპასუხოს.
„დღეს ჩვენ ვიხილეთ ევროპის მისამართით გაზთან დაკავშირებული მორიგი მუქარები. „ჩრდილოეთ ნაკადისთვის“ ტურბინის საკითხზე დათმობების მიუხედავადაც კი, რუსეთი არ აპირებს ევროპული ქვეყნებისთვის გაზის მიწოდებას, რასაც მას კონტრაქტები ავალდებულებს. ამ ყველაფერს რუსეთი მიზანმიმართულად აკეთებს, რომ ევროპელებს გაუჭირდეთ ზამთრისთვის მომზადება. ეს არის გაზის ღია ომი, რომელსაც რუსეთი აწარმოებს გაერთიანებული ევროპის წინააღმდეგ. მათ არ აინტერესებთ, რა მოუვა ხალხს, როგორ დაიტანჯებიან ისინი – პორტების ბლოკირებით გამოწვეული შიმშილით თუ ზამთრის სიცივისა და სიღარიბისგან, თუ ოკუპაციისგან. ეს უბრალოდ ტერორის სხვადასხვა ფორმაა. ამისთვის საჭიროა საპასუხო დარტყმა. საჭიროა არა იმაზე ფიქრი, როგორ უნდა მოხდეს რაღაც ტურბინის დაბრუნება, არამედ სანქციების გაძლიერება; ყველაფრის გაკეთება, რათა შეიზღუდოს რუსეთის შემოსავალი არა მხოლოდ გაზიდან და ნავთობიდან, არამედ ნებისმიერი დარჩენილი ექსპორტიდან. მაქსიმალურად უნდა გაწყდეს სავაჭრო კავშირები რუსეთთან, რადგან ყოველი ასეთი კავშირი რუსეთისთვის არის ზეწოლის პოტენციური საშუალება“, – აცხადებს ზელენსკი.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთის ენერგეტიკული შანტაჟი შეიძლება, იყოს სტიმული, რომ ევროკავშირის სანქციების მერვე პაკეტი იყოს უფრო ძლიერი.