ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსებმა გაზარდეს საბრძოლო ძალა, ისინი დარტყმებისას მეტ ბალისტიკურ იარაღს იყენებენ, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გვჭირდება მეტი საჰაერო თავდაცვა
ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსებმა გაზარდეს საბრძოლო ძალა, ისინი დარტყმებისას მეტ ბალისტიკურ იარაღს იყენებენ, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გვჭირდება მეტი საჰაერო თავდაცვა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი აძლიერებს საბრძოლო მოქმედებებს უკრაინის წინააღმდეგ და მეტ ბალისტიკურ რაკეტას იყენებს თავდასხმების დროს.

„რუსებმა გაზარდეს საბრძოლო ძალა. ისინი დარტყმების დროს მეტ ბალისტიკურ იარაღს იყენებენ. ეს კი ნიშნავს, რომ ჩვენ გვჭირდება მეტი საჰაერო თავდაცვა, აღჭურვილობის უფრო დიდი რეზერვი და უფრო ეფექტური რეგიონული ოპერაციები“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში.

ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ევროკავშირთან ერთად მზადდება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეოცე პაკეტი.

„ჩვენ ველოდებით, რომ სანქციების მეოცე პაკეტის შინაარსი ერთი თვის განმავლობაში იქნება მზად. ვთავაზობთ სანქციებში რუსული იურიდიული და ფიზიკური პირების დამატებას, რომლებიც კვლავ შოულობენ ფულს ენერგორესურსებიდან“, – განაცხადა ზელენსკიმ.

როგორც ზელენსკიმ განმარტა, უნდა გაიზარდოს ზეწოლა ყველა იმ სფეროზე, რომელიც რუსულ სამხედრო წარმოებას ამუშავებს.