ვოლოდიმირ ზელენსკი რუს სამხედროებს ჩაბარებასა და გადარჩენას სთავაზობს
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუს სამხედროებს ჩაბარებასა და გადარჩენას სთავაზობს. ამის შესახებ ზელენსკიმ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
„მინდა, ვუთხრა რუს სამხედროებს, მათ, ვინც უკვე შემოვიდა ჩვენს მიწაზე და რომელთა გამოგზავნას ჩვენს წინააღმდეგ საომრად ჯერ კიდევ აპირებენ. რუსო წვევამდელებო, მისმინეთ განსაკუთრებით ყურადღებით. რუსო ოფიცრებო, თქვენ უკვე ყველაფერი გაიგეთ. უკრაინას თქვენ ვერაფერს წაართმევთ. თქვენ წაართმევთ სიცოცხლეებს. თქვენ ძალიან ბევრნი ხართ. თუმცა, თქვენს სიცოცხლესაც წაგართმევენ“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
მან მიმართა რუსებს კითხვით, თუ რისთვის იღუპებიან.
„მე ვიცი, რომ თქვენ გინდათ, გადარჩეთ. თქვენ საუბრებში მოვისმინეთ, რას ფიქრობთ სინამდვილეში ამ ომზე, ამ სირცხვილზე და საკუთარ სახელმწიფოზე. თქვენი საუბრები ერთმანეთთან, თქვენი ზარები სახლში ნათესავებთან – ჩვენ ეს ყველაფერი გვესმის. ჩვენ ვაკეთებთ დასკვნებს და ვიცით, ვინ ხართ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მან რუს სამხედროებს არჩევანი შესთავაზა, რომელიც მათ სიცოცხლის შენარჩუნებაში დაეხმარება.
„მე გთავაზობთ არჩევანს. უკრაინელი ხალხის სახელით, ჩვენ გაძლევთ თქვენ გადარჩენის შანსს. თუ ჩაბარდებით ჩვენს ძალებს, ჩვენ მოგეპყრობით თქვენ ისე, როგორც საჭიროა ადამიანებთან მოპყრობა. სწორედ ადამიანებთან – ღირსეულად. ისე, როგორც თქვენ თქვენს არმიაში არ გეპყრობოდნენ და როგორც თქვენი არმია ჩვენს არმიას არ ეპყრობა. აირჩიეთ“, – მიმართა უკრაინის ლიდერებმა რუს სამხედროებს.