ვოლოდიმირ ზელენსკი - რომელიმე კომპანია ან სახელმწიფო რუსეთს ნავთობით ვაჭრობაში თუ დაეხმარება, მათაც უნდა დაუწესდეთ სანქციები
ვოლოდიმირ ზელენსკი - რომელიმე კომპანია ან სახელმწიფო რუსეთს ნავთობით ვაჭრობაში თუ დაეხმარება, მათაც უნდა დაუწესდეთ სანქციები

რომელიმე კომპანია ან სახელმწიფო რუსეთს ნავთობით ვაჭრობაში თუ დაეხმარება, მათაც უნდა დაუწესდეთ სანქციები, – აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„უახლოეს მომავალში ველოდებით გადაწყვეტილებას რუსეთის ნავთობის შეზღუდვის შესახებ. დაჟინებით მოვითხოვთ, რომ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების სამართლიანი ნაწილი ასევე უნდა მოიცავდეს ე.წ. ნავთობის ნარევების გაყიდვით შეზღუდვების გვერდის ავლის ნებისმიერი მცდელობის ბლოკირებას. თუ რომელიმე კომპანია ან სახელმწიფო რუსეთს ნავთობით ვაჭრობაში დაეხმარება, სანქციები მათაც უნდა დაუწესდეთ. რუსული სამხედრო ტერორისტული მანქანის ნებისმიერი სპონსორობა უნდა შეწყდეს”, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთი აღმოსავლეთში ჯარის შევსებას განაგრძობს და ახალი თავდასხმებისთვის ემზადება. მან რუს ჯარისკაცებს მიმართა და განაცხადა, რომ მეთაურები მათ ატყუებენ და უკრაინაში გარდაუვალი სიკვდილისთვის აგზავნიან. მან რუს ჯარისკაცებს რუსეთის ტერიტორიაზე დარჩენისკენ მოუწოდა.

„თითოეულ რუს ჯარისკაცს ჯერ კიდევ შეუძლია, გადარჩეს. მათ შეუძლიათ, იცოცხლონ რუსეთში, ვიდრე დაიღუპონ ჩვენს მიწაზე”, – განაცხადა ზელენსკიმ.

პრეზიდენტის თქმით, უკრაინის ტერიტორიაზე უკვე დაიღუპა 23 ათასზე მეტი რუსი ჯარისკაცი, განადგურდა 100-ზე მეტი ტანკი, 200-მდე თვითმფრინავი და 2 500-მდე ჯავშანტრანსპორტი. მისი განცხადებით, რუსეთს ჯერ კიდევ დარჩა სამხედრო ტექნიკა და რაკეტები, თუმცა იმდენად დასუსტდა, რომ იძულებულია აღლუმზე სამხედრო ტექნიკის შემცირებული რაოდენობის გამოყვანა დაგეგმოს.