ვოლოდიმირ ზელენსკი – რეფერენდუმის გზით უკრაინის სტატუსის შეცვლა უფრო სწრაფად არის შესაძლებელი, ვიდრე საკონსტიტუციო ცვლილებებით
რეფერენდუმის გზით უკრაინის სტატუსის შეცვლა უფრო სწრაფად არის შესაძლებელი, ვიდრე საკონსტიტუციო ცვლილებებით, – ეს განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუს ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა. თუმცა, მისივე თქმით, იმისთვის, რომ სტატუსის ცვლილების საკითხზე რეფერენდუმი ჩატარდეს, აუცილებელია რუსეთის ჯარმა უკრაინის ტერიტორია დატოვოს, სხვა შემთხვევაში ეს რეფერენდუმი არ იქნება ლეგიტიმური.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ჯერ უნდა მოხდეს შეთანხმება პუტინთან, შემდეგ ჯარის გაყვანა, შემდეგ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებს ხელს მოაწერენ გარანტორი სახელმწიფოები და ამ დოკუმენტის რატიფიცირებას მოახდენენ ამ სახელმწიფოების პარლამენტები. შემდეგ კი, ზელენსკის თქმით, ჩატარდება უკრაინაში რეფერენდუმი და განხორციელდება საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლითაც განისაზღვრება უკრაინის ნეიტრალური და არაბირთვული სტატუსი.
„რაც შეეხება უსაფრთხოების გარანტიებს და ნეიტრალიტეტს. უკრაინის არაბირთვულ სტატუსს. ჩვენ მზად ვართ ამაზე წავიდეთ. ეს ყველაზე მთავარი პუნქტია. ეს რუსეთისთვის პირველი პრინციპული პუნქტი იყო, როგორც მახსოვს. როგორც მე მახსოვს, მათ ამის გამო დაიწყეს ომი. მათ შემდეგ დაიწყეს ულტიმატუმების და პუნქტების დამატება. ისინი ამბობდნენ, რომ ნატო ფართოვდება. იყო საუბარი ბლოკგარეშე სტატუსზე, რაც იყო უკრაინის კონსტიტუციაში, შემდეგ თქვენ გადაწყვიტეთ სადღაც წასვლა. რუსებმა თქვეს, რომ ჩვენ არ ვეთანხმებით იმას, სადაც თქვენ აპირებთ წასვლას და ეს შედის ჩვენს შეთანხმებაში დასავლეთთან, რომელიც უკვე რამდენიმე წლისაა. ამიტომ, როგორც მათ თქვეს, ეს საკითხი არის მთავარი და ამის გამო ჩვენ ვიცავთ რუსეთის უსაფრთხოებას. ასე განაცხადა რუსეთის ფედერაციამ. ამიტომ ეს პუნქტი, უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების შესხებ და როგორც თავად ამბობენ, ეს პუნქტი მათთვისაც გასაგებია. ეს პუნქტი განიხილება. ის სიღრმისეულად არის გავლილი. მაგრამ მე მაინტერესებს, რომ ეს არ იყოს კიდევ ერთი ქაღალდის ნაგლეჯი, როგორც ბუდაპეშტის მემორანდუმია. ჩვენ დაინტერესებულები ვართ, რომ ეს ქაღალდი გადაიქცეს სერიოზულ შეთანხმებად, რომელსაც ხელი მოეწერება. იქნება უსაფრთხოების გარანტიების პუნქტები, რომელიც ხელმოწერილი იქნება ყველა გარანტორის მიერ. ეს შეთანხმება უნდა იყოს რატიფიცირებული გარანტორი ქვეყნების პარლამენტებში. ეს მეორე პირობაა. და აუცილებელად უნდა გაიმართოს რეფერენდუმი უკრაინაში. რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს კანონი რეფერენდუმის შესახებ. ამა თუ იმ სტატუსის ცვლილება და უსაფრთხოების გარანტიები მოიაზრებენ ნეიტრალურ სტატუსს, წარმოადგენს საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელთა მიღებასაც სჭირდება ორი სესიის გამართვა. როდესაც ჩვენი ჯგუფი შეხვდა რუსულ ჯგუფს, მათ სიღრმისუელად არ იცოდნენ საკითხი. ორი სესიის გარეშე უკრაინის კონსტიტუციას ვერ შეცვლი. ორი სესია კი ნიშნავს ერთ წელიწადს. ხვდებით ხომ როგორ შეიძლება ეს გაჭიანურდეს? მე ვსაუბრობ ახლა არა რეფერენდუმზე, არამედ საკონსტიტუციო ცვლილებებზე. რეფერენდუმი უფრო სწრაფი ნაბიჯია, ვიდრე კონსტიტუციის შეცვლა. ანუ რუსული მხარე ითხოვს გარანტიას, რომ სტატუსის ცვლილება აუცილებლად მოხდება. ამიტომ საჭიროა რეფერენდუმი, რადგან მხოლოდ ხალხს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება სტატუსთან დაკავშირებით და იქნება ასეთი გარანტორები. რეფერენდუმი ჩატარდება რამდენიმე თვეში. საკონსტიტუციო ცვლილებებს კი დასჭირდება მინიმუმ ერთი წელი.
როდესაც რუსეთის მხარემ თქვა, მოდი, ჯერ შევცვალოთ კანონი და მერე გავიყვანოთ ტანკები, ჩვენ მათ შევხედეთ, როგორც ადამიანებს, რომლებსაც სიღრმისეულად არ ესმით კანონი. ამიტომ ჩვენ უნდა მოვილაპარაკოთ რუსეთის პრეზიდენტთან. ამიტომ ის საკუთარი ფეხით უნდა გამოვიდეს იქიდან, სადაც იმყოფება და მოვიდეს ჩემთან შეხვედრაზე დედამიწის ნებისმიერ წერტილში, გარდა უკრაინის, რუსეთისა და ბელარუსისა. მიმაჩნია, რომ ამ ქვეყნებში შეხვედრა არ არის საგნობრივი და ჩვენი დელეგაციების შეხვედრა ბელარუსში ამას ხაზს უსვამს კიდევ ერთხელ. ეს არის უფრო პოლიტიკური შეხვედრა და არა საგნობრივი. ბელარუსი, რუსეთი და უკრაინა არის სამი კონფლიქტში ჩართული ქვეყანა. ამიტომ თუ შევხვდებით პუტინთან და შევთანხმდებით, ხელმოწერებით, ბეჭდებით, თუნდაც სისხლით. ეს საკმარისი იქნება, რომ დავიწყოთ ჯარის გაყვანა. მერე გარანტორები ყველაფერს მოაწერენ ხელს, მერე რატიფიცრება პარლამენტებში, რეფერენდუმი და მერე საკონსტიტუციო ცვლილებები. შეთანხმება უნდა გვქონდეს ვლადიმერ პუტინთან. გარანტორები არაფერს მოაწერენ ხელს, თუ ჩვენთან იდგება რუსული ჯარი“,- განაცხადა ზელენსკიმ.
კითხვაზე, რეფერენდუმი ხომ გულისხმობს იმასაც, რომ შესაძლებელია უკრაინელმა ხალხმა უარი თქვას სტატუსის ცვლილებაზე, ზელენსკიმ უპასუხა. რომ რეფერენდუმი ვერ ჩატარდება ისეთ ქვეყანაში, სადაც უცხო ქვეყნის ჯარია წარმოდგენილი.
„კონვენციის თვალსაზრისით, ასეთი რეფერენდუმის შედეგს არავინ აღიარებს და არასდროს. ეს შეუძლებელია. ეს იგივეა, რაც ყირიმში მოხდა. თუ ადგილზე არის ჯარი, ეს არალეგიტიმური პროცესია“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ დონბასის და ყირიმის საკითხიც აუცილებლად უნდა განიხილებოდეს და გადაიჭრას.
ამასთან, რუსეთის სხვა მოთხოვნებზე საუბრისას ზელენსკის ასევე თქვა, რომ დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია რუსეთთან მოლაპარაკების დროს არ განიხილება.
„ეს ჩემთვის საერთოდ გაუგებარი ტერმინებია და ამაზე მოლაპარაკება არ იმართება. ჩვენმა მხარემ ეს ბელარუსში გამართული მოლაპარაკების დროს მკაფიოდ განაცხადა. ჩვენ ვთქვით, რომ ეს პუნქტები არ გვაინტერესებს“ – განაცხადა ზელენსკიმ.