ვოლოდიმირ ზელენსკი - პუტინსა და ტრამპს შორის მოლაპარაკებები, შესაძლოა, მნიშვნელოვანი იყოს მათი ორმხრივი ურთიერთობებისთვის, მაგრამ უკრაინაზე საუბარი უკრაინის გარეშე შეუძლებელია და ამას ვერავინ მიიღებს
პუტინსა და ტრამპს შორის მოლაპარაკებები, შესაძლოა, მნიშვნელოვანი იყოს მათი ორმხრივი ურთიერთობებისთვის, მაგრამ უკრაინაზე საუბარი უკრაინის გარეშე შეუძლებელია და ამას ვერავინ მიიღებს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, მას იმედი აქვს, რომ დონალდ ტრამპი უკრაინის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას უკრაინის ჩართულობის მნიშვნელობას გააცნობიერებს.
„რაც შეეხება მოლაპარაკებებს, ნებისმიერ შემთხვევაში ისინი მნიშვნელოვანია ლიდერების დონეზე, მაგრამ უკრაინაზე საუბარი უკრაინის გარეშე შეუძლებელია და ამას ვერავინ მიიღებს. ამდენად, პუტინსა და ტრამპს შორის საუბარი, შესაძლოა, მნიშვნელოვანი იყოს მათი ორმხრივი ურთიერთობებისთვის. თუმცა ისინი ჩვენ გარეშე ვერაფერს ვერ მიღებენ. მე ნამდვილად მჯერა და იმედი მაქვს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ამას გაიგებს და გააცნობიერებს“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ იგეგმება სამმხრივი შეხვედრა, თუმცა ზუსტი თარიღი უცნობია.
„იქ რამდენიმე საკითხი წამოიჭრება. გააკეთეთ ყველაფერი, რომ ეს ომი დასრულდეს. არის რაღაცები, რაც თქვენს გულშია და არის რაღაცები, რაც თქვენს კონსტიტუციაშია“, – აღნიშნა ზელენსკიმ.