ვოლოდიმირ ზელენსკი – პუტინს იმედი აქვს, რომ ომს კიდევ უფრო გააჭიანურებს, ახალ მობილიზაციასა და დარტყმებს ამზადებს, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ომის დასრულებას ზამთრის დადგომამდე დათანხმდეს
უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინა მაქსიმალურ ძალისხმევას მიმართავს, რათა რუსეთზე ზეწოლამ შედეგი ზამთრამდე, შემოდგომის განმავლობაში გამოიღოს და მოსკოვს მშვიდობაზე დათანხმების გარდა სხვა არჩევანი აღარ დარჩეს. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, წელს უკრაინის მთავარი პრიორიტეტი ზამთრისთვის მზადებაა, ხოლო ელჩების მთავარი ამოცანაა პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთობებში მაქსიმალური შედეგის მიღწევა.
„ამ ეტაპზე 100%-ით ვერ ვიწინასწარმეტყველებთ, როდის გამოიღებს შედეგს ჩვენი ყველა დიპლომატიური ძალისხმევა, როდის მიაღწევს უკრაინის მიერ დაწესებული გრძელვადიანი სანქციები, ჩვენი დარტყმები და პარტნიორების სანქციები ზეწოლის ისეთ დონეს, რომ რუსეთს მშვიდობის გარდა სხვა ალტერნატივა აღარ დარჩეს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ეს ზამთრამდე, შემოდგომაზე მოხდეს” – განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, უკრაინას კარგად ესმის, ვისთან აქვს საქმე.
„პუტინს იმედი აქვს, რომ ამ ომს კიდევ უფრო გააჭიანურებს. ის ახალ მობილიზაციასა და ახალ დარტყმებს ამზადებს. ჩვენ ვხედავთ რუსეთის ნამდვილ განზრახვებს, ვაერთიანებთ პარტნიორებს და ზეწოლას ვაძლიერებთ აგრესორზე“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ უკრაინის ყველა ელჩმა პირადი პასუხისმგებლობა უნდა იგრძნოს იმაზე, თუ როგორ დაეხმარება ქვეყნის საგარეო პოლიტიკა და პარტნიორებთან თანამშრომლობა უკრაინელ ხალხს მომავალი ზამთრის გადატანაში. მისი თქმით, უკრაინას სჭირდება ე.წ. „ზამთრის პაკეტი“, რომელიც კონკრეტულ საჭიროებებს უნდა მოიცავდეს.
„ზამთრის პაკეტი“ უკრაინისთვის უბრალოდ ხმამაღალი ფრაზა არ არის. პრემიერ-მინისტრს უნდა ჰქონდეს ზუსტი სია იმისა, თუ რა სჭირდება ქვეყანას ამ ზამთარში და ვინ უნდა უზრუნველყოს საგარეო პოლიტიკური მიმართულებით თითოეული შედეგი, თითოეული მოწოდება და თითოეული მნიშვნელოვანი, გადაუდებელი გადაწყვეტილება“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ეს მოიცავს როგორც ფინანსურ საჭიროებებს, ასევე აღჭურვილობას, კონკრეტულ რესურსებს, უკრაინის თემების საჭიროებებსა და პოლიტიკურ შეთანხმებებს, რომლებიც ამ ყველაფრის უზრუნველყოფას შეძლებს.