ვოლოდიმირ ზელენსკი – პუტინმა ინიციატივა დაკარგა, უკრაინის სამხედრო ტექნოლოგიები ომის მიმდინარეობას ცვლის

14:46, 29.07.2026

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინას აქვს 500 კომპანია, რომლებიც ძალიან ძლიერ ტექნოლოგიებს ქმნიან.

მისი თქმით, პუტინმა ინიციატივა დაკარგა, უკრაინის სამხედრო ტექნოლოგიები კი ომის მიმდინარეობას ცვლის.

„ომის დასაწყისში პუტინი ამბობდა, რომ უკრაინას ორ-სამ დღეში დაიკავებდა. დღეს კი ჩვენ ძლიერი სამხედრო-ტექნოლოგიური ინდუსტრია ავაშენეთ. გვაქვს 500 კომპანია, რომლებიც ძალიან ძლიერ ტექნოლოგიებს ქმნიან“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, თანამედროვე ომი ინოვაციების შეჯიბრად იქცა, სადაც ტექნოლოგიები რამდენიმე თვეში ძველდება და მუდმივი განახლებაა საჭირო.

„ჩვენ გვესმის, რომ ეს ომი ყოველ სამიდან ექვს თვეში იცვლება. ამიტომ ტექნოლოგიებიც მუდმივად უნდა შევცვალოთ. პუტინს ადამიანური რესურსი უფრო მეტი აქვს, ამიტომ ჩვენი ხალხის გადასარჩენად, ადამიანების ნაცვლად, უფრო მეტი ტექნოლოგია უნდა გამოვიყენოთ“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკის თქმით, უკრაინამ უკვე არაერთხელ შეძლო რუსეთის სიღრმეში სამხედრო ობიექტებზე დარტყმა, მათ შორის მოსკოვის მიმართულებით და რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში, რამაც, მისი შეფასებით, ომის დინამიკა შეცვალა.

„პუტინი ყოველ თვეში დაახლოებით 30 000 ჯარისკაცს კარგავს. დანაკარგი ძალიან დიდია, თუმცა ომის შეჩერება მაინც არ სურს. ამიტომ ინიციატივა უკვე პუტინის ხელში აღარ არის“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ კიევი ყოველდღიურად ითხოვს ცეცხლის შეწყვეტას.

„ჩვენ ყოველდღე მოვუწოდებთ ომის შეჩერებისკენ. გვინდა ცეცხლის შეწყვეტა გარკვეული ვადით, რათა დიპლომატებს მოლაპარაკების შესაძლებლობა მიეცეთ, მაგრამ პუტინს ეს არ სურს – სწორედ ეს არის მთავარი პრობლემა“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ამასთან, ინტერვიუში ზელენსკიმ სენატორ ლინდსი გრემზე ისაუბრა, რომელიც, მისი თქმით, უკრაინის ერთ-ერთ ყველაზე მტკიცე მხარდამჭერი იყო.

„ბევრი რამ შეიცვალა სწორედ ისეთი ადამიანების წყალობით, როგორიც ლინდსი იყო. ომის პირველივე დღეებიდან მას სჯეროდა, რომ პუტინი უკრაინას ვერ დაიპყრობდა“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ამასთან, როგორც უკრაინის პრეზიდენტმა „აქსიოსთან“ ინტერვიუში განაცხადა, აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ზამთრისთვის გადაუდებელი დახმარების პაკეტის გამოყოფა სთხოვა, რომელიც „პეტრიოტის“ საჰაერო თავდაცვის სისტემის 300 რაკეტას მოიცავს.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, უკრაინის მარაგები თითქმის ამოწურულია, რის გამოც ქვეყანას ბალისტიკური რაკეტების მოგერიება სულ უფრო უჭირს. მისი თქმით, თუ ეს პრობლემა ზამთრამდე არ მოგვარდება, რუსეთის სარაკეტო იერიშებმა, შესაძლოა, უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა სერიოზულად დააზიანოს, მილიონობით ადამიანი კი გათბობის გარეშე დატოვოს.

მისი თქმით, ტრამპმა დახმარების გაწევის სურვილი გამოთქვა, თუმცა განმარტა, რომ ეს რთულია, რადგან აშშ-ის მარაგებიც შემცირებულია ირანთან დაკავშირებული სამხედრო ოპერაციების ფონზე.

ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ უკრაინა მზად არის, ამერიკის შეერთებულ შტატებს საკუთარი სამხედრო ტექნოლოგიები და გამოცდილება გაუზიაროს, თუ ეს „პეტრიოტის“ რაკეტების მიღებას დააჩქარებს.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ფრონტის ხაზზე ვითარება ჩიხშია შესული, უკრაინამ რუსეთის სიღრმეში დრონებითა და რაკეტებით განხორციელებული დარტყმებით მნიშვნელოვანი უპირატესობა მოიპოვა. მისი თქმით, ამ იერიშებმა დააზიანა ნავთობის ობიექტები და სხვა კრიტიკული ინფრასტრუქტურა, რამაც რუსეთში საწვავის დეფიციტი და ომის მიმართ საზოგადოების უკმაყოფილების ზრდა გამოიწვია. ზელენსკის განცხადებით, ამ წარმატებებმა გააუმჯობესა მისი ურთიერთობა დონალდ ტრამპთან.

„ჩვენი ურთიერთობები ახლა ბევრად უკეთესი და უფრო კონსტრუქციულია. აღარ არის ისეთი ემოციური, როგორიც ადრე იყო და ვფიქრობ, ეს კარგია“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ტრამპთან შეხვედრის ერთ-ერთი შედეგი შესაძლოა იყოს უახლოესი ორი კვირის განმავლობაში პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლების, ჯარედ კუშნერისა და სტივ უიტკოფის ვიზიტი კიევში. ეს მათი პირველი ვიზიტი იქნება უკრაინაში, მიუხედავად იმისა, რომ მანამდე ისინი არაერთხელ იმყოფებოდნენ რუსეთში.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მათთან დეტალურად განიხილავს როგორც სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლების შესაძლებლობას, ასევე ადგილზე აჩვენებს უკრაინაში არსებულ რეალურ ვითარებას.

მსგავსი