ვოლოდიმირ ზელენსკი - პუტინი კრემლს მხოლოდ მკვდარი თუ დატოვებს
ვოლოდიმირ ზელენსკი - პუტინი კრემლს მხოლოდ მკვდარი თუ დატოვებს

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ახლა რუსეთის პრეზიდენტთან დიალოგი შეუძლებელია, რადგან ის დამოუკიდებელი ფიგურა არ არის და უკრაინის მიმართ სიძულვილის ვაკუუმშია.

„პრობლემა ამაშია, ის ტვინს ურეცხავდა ხალხს და მასაც გამოურეცხეს. ის ინფორმაციულ ბუშტში იმყოფება, ჩვენი განადგურების სურვილით. მოლაპარაკებისთვის ვერ დაჯდები ადამიანთან, რომლის ერთადერთი მიზანი შენი განადგურებაა. დღეისათვის აქ სამართლიან დიალოგს ვერ მიაღწევ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, შვეიცარიაში ივნისში დაგეგმილი მშვიდობის გლობალური სამიტი ის პლატფორმაა, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელი იქნება ნიადაგის მომზადება „ძლიერი დოკუმენტისა და რუსეთზე მეტი ზეწოლისთვის“.

„ის ყოველთვის ვერ იქნება ძლიერი, ბერდება, გარდაუვლად მოკვდება. ამ მომენტის ლოდინი საჭირო არაა. ყველაფერი იქნება. უბრალოდ, არ შეიძლება ახლა საკუთარი სახელმწიფოს დათმობა. შემდეგ რთული იქნება მისი დაბრუნება, როგორც 2014 წლის შემდეგ ყირიმისა და დონბასისას მოხდა. რა რთულიც არ უნდა იყოს, ვერ დავიცავით დონბასი, ყირიმი და ყველას დაავიწყდა. მსოფლიო ამდენ ხანს არ იფიქრებს უკრაინაზე, ყველას თავისი შიდა გამოწვევები აქვს. ჩვენ შევძელით ამ საინფორმაციო ტალღის წამოწევა და არ დავრჩით მარტო, მაგრამ ახლა დასავლეთში ყველა ისეთი მტკიცე არ არის, როგორც ფართომასშტაბიანი შემოჭრისას იყო. პუტინი დღეს დამოუკიდებელი ფიგურა არ არის. ის გვაძლევს ნარატივების ტალღას, რომ უკრაინას ამერიკის შეერთებული შტატები აკონტროლებს და თავადაც დიდი ფულით იმართება. ის კრემლს მხოლოდ მკვდარი დატოვებს, როდესაც გამოასვენებენ. მისი გარემოცვა მას ამ სისტემაში ამყოფებს. საჭიროა ამ სისტემაში სუსტი ადგილის პოვნა. თუ ყოველდღიურად იქნები ძიებაში და ბრძოლაში, აუცილებლად გაიმარჯვებ“, – განაცხადა ზელენსკიმ.