ვოლოდიმირ ზელენსკი - პირველმა ლედიმ დავოსში წარადგინა ჩვენი მშვიდობის ფორმულის ყველა ელემენტი, ეს მოიცავს სამართლიანობის პუნქტს, რაც ითვალისწინებს რუსი ტერორისტების პასუხისგებას ჩადენილის გამო
რუსეთი კაცობრიობის მტრად იქცა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციული ვიდეომიმართვისას განაცხადა.
მისივე თქმით, რუსეთის მიერ ქალაქ დნიპროზე მიტანილი სარაკეტო დარტყმის შედეგად, დანგრეული კორპუსის ნანგრევებში მოქალაქეთა სამძებრო ოპერაცია დასრულდა, დაღუპულია 45 ადამიანი. მათ შორის 6 ბავშვია, ყველაზე პატარა მსხვერპლი 11 თვის იყო.
ზელენსკის განცხადებით, მსოფლიომ იცის, რას აკეთებს რუსეთი უკრაინაში.
„მშვიდობიანი მოქალაქეები და მცირეწლოვანი ბავშვები რუსეთისთვის მტრები არიან. ცხადია, ეს შეიძლება, მომხდარიყო მხოლოდ იმიტომ, რომ რუსეთი გადაიქცა კაცობრიობის მტრად. მე მადლობას ვუხდი ყველას, ვინც გვეხმარება ტერორისგან თავდაცვაში. მსოფლიოს ესმის უკრაინის დავოსში. იქ იციან, რა გააკეთა რუსეთმა დნიპროში, რას უკეთებენ ხერსონს, ხარკოვს, ჩვენს დონბასსა და სხვა ტერიტორიებს, სადაც რუსეთმა სიკვდილი მოიტანა. ჩვენ ვლობირებთ ტერორის სახელმწიფოზე ზეწოლის გაძლიერებას. დარწმუნებული ვარ, ამ კვირის ბოლოს მსოფლიოში უფრო მეტი და უფრო გავლენიანი მხარდამჭერი ეყოლება რუსეთის აგრესიის საკითხზე ტრიბუნალისა და ომის შედეგად მიყენებული ზიანის რუსული აქტივებით კომპენსირების სპეცმექანიზმის შექმნას. პირველმა ლედიმ დავოსში წარადგინა ჩვენი მშვიდობის ფორმულის ყველა ელემენტი. ეს მოიცავს სამართლიანობის პუნქტს, რაც ითვალისწინებს რუსი ტერორისტების პასუხისგებას ჩადენილის გამო“, – განაცხადა ზელენსკიმ.