ვოლოდიმირ ზელენსკი - „პეტრიოტის“ სისტემების შესახებ დონალდ ტრამპთან პოზიტიური დიალოგი გვაქვს
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ ამერიკული სამხედრო დახმარების განახლებისთვის ყველა საჭირო პოლიტიკური სიგნალი მიიღო.
„მნიშვნელოვანია, რომ ამერიკის პრეზიდენტთან, ტრამპთან ძალიან კონსტრუქციული და ძალიან პოზიტიური მოლაპარაკებების შემდეგ, ჩვენ გვაქვს ყველა საჭირო პოლიტიკური სიგნალი დახმარების მიწოდების განახლების შესახებ“, – აღნიშნა ზელენსკიმ რომში გამართულ პრესკონფერენციაზე.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უკვე არსებობს კონკრეტული ვადები და ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა და როდის ჩავა უკრაინაში.
ამასთან, ვოლოდიმი ზელენსკიმ დეტალურად ისაუბრა თავდაცვითი სისტემების საჭიროებაზე.
„ჩვენ გვაქვს პოზიტიური დიალოგი პრეზიდენტ ტრამპთან „პეტრიოტის“ სისტემების შესახებ. ჩემი თხოვნა არის ათი „პეტრიოტის“ სისტემა და შესაბამისი რაოდენობის რაკეტები ამ სისტემებისთვის. გერმანია მზადაა, გადაიხადოს ორი სისტემისთვის, მე მაქვს შეთანხმებები მათთან. ნორვეგია მზადაა, გადაიხადოს. მაქვს შეთანხმებები პრემიერ-მინისტრთან ერთი სისტემისთვის“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა ინტენსიურად განიხილავს ევროპული და ამერიკული იარაღის შეძენის შესაძლებლობებს, რაც მოიცავს, მათ შორის, „პეტრიოტის“ სისტემებს.