ვოლოდიმირ ზელენსკი პარტნიორებს მოუწოდებს, გაზარდონ ინვესტიციები უკრაინისთვის საჭირო იარაღის წარმოებაში
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პარტნიორებს მოუწოდებს, გაზარდონ ინვესტიციები უკრაინისთვის საჭირო იარაღის წარმოებაში, უშუალოდ მის ქვეყანაში. ამის შესახებ ზელენსკიმ „რამშტაინის“ შეხვედრაზე ვიდეომიმართვისას განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინას უკვე აქვს იარაღის საკუთარ ტერიტორიაზე წარმოებასთან დაკავშირებით გარკვეული პროექტები პარტნიორების მხარდაჭერით.
„ჩვენთვის აუცილებელია ამის მასშტაბირება, სულ მცირე, 50%-ით. უკრაინის თავდაცვით-სამრეწველო კომპლექსს ჯერ კიდევ აქვს აუმოქმედებელი სიმძლავრე – საჭიროა მხოლოდ ფინანსირება. ჩვენ მხოლოდ 17 მილიარდი დოლარი გვაქვს იარაღის შესაძენად ჩვენს ეროვნულ ბიუჯეტში, 35 მილიარდი დოლარის პოტენციალის მქონე ინდუსტრიისთვის. დაფინანსებისთვის 18 მილიარდი დოლარის დანაკლისს განვიცდით“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, იმედი აქვს, რომ „რამშტაინის“ სხდომის დასასრულს კონკრეტული შეთანხმებები გამოჩნდება.
„რამშტაინის“ სხდომა პირველად იმართება აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მონაწილეობის გარეშე. პიტ ჰაგსეტი ასევე არ დაესწრება უკრაინა-ნატოს საბჭოს სხდომას.
ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკი ულტიმატუმს უწოდებს დოკუმენტს, რომელიც რუსეთის დელეგაციამ სტამბოლის მოლაპარაკების შედეგად უკრაინულ მხარეს გადასცა და აღნიშნავს, რომ მოსკოვის პოზიცია არ ტოვებს სივრცეს კომპრომისებისთვის, რასაც ვაშინგტონში იმედოვნებდნენ.
„პუტინმა უთხრა ტრამპს, რომ ეს იქნება შესრულებადი. მათ ზუსტად ესმით, რომ ეს შესრულებადი არ არის – მიუხედავად იმისა, რომ მათ ეს სურთ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა „რამშტაინის“ წევრებს მემორანდუმიდან ციტატებიც წაუკითხა, სადაც რუსეთი უკრაინისგან ოკუპირებული ტერიტორიების იურიდიულ აღიარებას მოითხოვს და ასევე სურს, რომ უკრაინამ უარი თქვას ნატო-ში გაწევრიანებაზე.
ზელენსკის თქმით, 2024 წელს, როდესაც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ჰიბრიდული ომი დაიწყო, უკრაინას ბლოკგარეშე სტატუსი ჰქონდა.
„ნატო-ს შესახებ ჩვენ მკაფიოდ გვიწერია: გარდა იმისა, რომ ეს განსაზღვრულია კონსტიტუციით, ეს საკითხი დამოკიდებულია მოკავშირეებზე – ნატო-ს ყველა წევრზე“, – განაცხადა ზელენსკიმ.