ვოლოდიმირ ზელენსკი – ომის დროს არჩევნების ჩატარება შეუძლებელია, ბავშვებს სკოლაში სიარული არ შეუძლიათ, როგორ ელოდებით არჩევნების ჩატარებას?

18:55, 16.09.2026

ომის დროს უკრაინაში არჩევნების ჩატარება კონსტიტუციური დებულებების, სამართლებრივი შეზღუდვებისა და უსაფრთხოების ვითარების გამო შეუძლებელია – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ CBS News-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, არჩევნების ჩასატარებლად ჯერ რამდენიმე თვით უნდა შეწყდეს სროლა და მოიძებნოს გზა ომის დასასრულებლად, რის შემდეგაც შესაძლებელი იქნება არჩევნების გამართვა.

„მზად ვარ, ხვალაც კი ჩავატარო არჩევნები, მაგრამ ომი თუ გაგრძელდება, ამას კონსტიტუციის, საარჩევნო კანონის ან, რაც მთავარია, უსაფრთხოების ვითარების შესაბამისად ვერ შევძლებთ. პირველ რიგში, ხალხს, ბავშვებს სკოლაში სიარული არ შეუძლიათ. როგორ ელოდებით არჩევნების ჩატარებას? როგორ შეიძლება არჩევნების ჩატარება, როდესაც საზღვარგარეთ ემიგრაციაში 9 მილიონი ადამიანია? ჩვეულებრივ, საზღვარგარეთ 500 000 ადამიანი აძლევს ხმას. და რაც შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებზე დროებით მცხოვრებ ადამიანებს, იქ რუსი ჯარისკაცები არიან. როგორ შეიძლება, ეს ყველაფერი გაკეთდეს?“ – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ჟურნალისტმა გაიხსენა ყოფილი თავდაცვის მინისტრის, მიხაილო ფედოროვის განცხადება, რომ გაჭიანურებული ომის პირობებშიც კი უკრაინამ უნდა იპოვოს არჩევნების ჩატარების ლეგალური და უსაფრთხო მექანიზმი. აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებისას ზელენსკიმ განაცხადა, რომ, მისი აზრით, მათ, ვინც ამჟამად ქვეყანაში არჩევნების ჩატარებას ემხრობა, პირადი მიზნები ამოძრავებთ და პოლიტიკაში ყოფნა სურთ.

„ამას შეცდომად მივიჩნევ. ომის დროს მშვიდობა ნომერ პირველი მიზანია. პოლიტიკა მეორეც კი არ არის. ასეთ დროს პოლიტიკოსებისთვისაც კი პოლიტიკა მეათე ადგილზეა, ხალხისთვის კი – მეასე. ხალხს აქვს სხვა პრიორიტეტები: როგორ გადარჩეს, როგორ იცხოვროს, როგორ იაროს სკოლაში“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მსგავსი