ვოლოდიმირ ზელენსკი – ომის ბუნება დღეს ისეთია, რომ აგრესორიც იზარალებს, ამის შესაძლებლობას ტექნოლოგიები იძლევა, ქვეყნების ლიდერების სიმტკიცეს შეუძლია უზრუნველყოს დეესკალაცია
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთმა უკრაინასთან ომის გამო დიზელის საწვავის ინდუსტრიაზე „კონტროლი დაკარგა“ და აღნიშნა, რომ ომი უნდა დასრულდეს.
„მართლაც, რუსეთის ეს ომი უკრაინისა და საღი აზრის წინააღმდეგ უნდა დასრულდეს“, – განაცხადა ზელენსკიმ და აღნიშნა, რომ სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან ომის შედეგები ფართომასშტაბიანი იყო.
ზელენსკის თქმით, ომმა ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, გაანადგურა ქალაქები და სოფლები, შექმნა პრობლემები სურსათის უსაფრთხოების მიმართულებით და ენერგეტიკული გამოწვევები. მისი თქმით, ამ პერიოდში ასევე დაჩქარდა ტექნოლოგიური განვითარება, მათ შორის ავტონომიური დრონებისა და თავდასხმის შესაძლებლობების განვითარება.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ომის დასრულების გზებზე მიმდინარეობს დიალოგი აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან და ამერიკულ მხარესთან. მისი თქმით, უკრაინა ომის დასრულების შესაძლებლობას „პირველივე წუთიდან“ ეძებდა.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინის ენერგეტიკულ სექტორზე, კრიტიკულ ინფრასტრუქტურასა და სურსათის ექსპორტზე დარტყმების შეჩერება შესაძლოა გახდეს პირველი ნაბიჯი, რასაც უკრაინის მხრიდან დეესკალაციის შესაბამისი ნაბიჯები მოჰყვება.
„ჩვენ უკვე არაერთი დიპლომატიური წინადადება წარვადგინეთ იმის თაობაზე, თუ როგორ შეიძლება ომის ღირსეულად დასრულება, უსაფრთხოების გარანტირება და რუსეთის მხრიდან ახალი აგრესიის თავიდან აცილება. ამჟამად მიმდინარეობს დიალოგი პრეზიდენტ ტრამპსა და ამერიკულ მხარესთან. ასევე განხილვის პროცესშია მშვიდობის მიღწევისკენ მიმართული იდეები, რომლებიც დეესკალაციის ქმედითი ნაბიჯებით უნდა დაიწყოს. რუსეთის სამიზნე აღარ უნდა იყოს უკრაინის ენერგეტიკული სექტორი, კრიტიკული ინფრასტრუქტურა და სასურსათო ექსპორტი. ამას ჩვენი მხრიდან დეესკალაციის საპასუხო ნაბიჯები მოჰყვება. გამოსავალი არსებობს. ჩვენ მზად ვართ ამ საკითხზე ვიმუშაოთ და ჩვენს პარტნიორებთან ერთად ამას ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში განვიხილავთ. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც გვეხმარება! აღარ იქნება ისე, რომ მხოლოდ თავდასხმის ქვეშ მყოფი ქვეყანა ზარალდებოდეს. ომის ბუნება დღეს ისეთია, რომ აგრესორიც იზარალებს. ამის შესაძლებლობას ტექნოლოგიები იძლევა. ქვეყნების ლიდერების სიმტკიცეს შეუძლია და ვალდებულიცაა უზრუნველყოს დეესკალაცია, უსაფრთხოება და მშვიდობა“, – წერს ზელენსკი.