ვოლოდიმირ ზელენსკი – ომი რეალობაშიც უნდა დავასრულოთ და არა მხოლოდ Truth Social-ზე, ომის დასასრულებლად საჭიროა უკრაინის, ევროპისა და აშშ-ის ერთობლივი მოქმედება

14:07, 12.10.2026

ომი რეალობაშიც უნდა დავასრულოთ და არა მხოლოდ Truth Social-ზე, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვარშავის უსაფრთხოების ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აშკარად არ კითხულობს Truth Social-ს, სადაც ტრამპმა ე.წ. ენერგეტიკული ზავი გამოაცხადა.

მისივე თქმით, ომის დასასრულებლად საჭიროა უკრაინის, ევროპისა და აშშ-ის ერთობლივი მოქმედებები.

„აშკარაა, პუტინი არ კითხულობს Truth Social-ს და „შაჰედის“ დრონები სხვა ინსტრუქციებს მისდევენ. თუმცა დონალდ ტრამპის  პოსტები ისეთ რამეს ეხება, რაც მილიონობით ადამიანის ცხოვრებაზე ახდენს გავლენას. ესკალაციის შესამცირებლად და უსაფრთხოების გარანტირებისთვის რეალობაში სხვა ნაბიჯები ნამდვილად საჭიროა. ჩვენ უნდა დავასრულოთ რუსეთის ომი, უნდა უზრუნველვყოთ უსაფრთხოება. ჩვენ, ევროპა და შეერთებული შტატები, ერთად უნდა დავდგეთ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკის თქმით, გუშინ ღამით არცერთი რუსული ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა არ იწვოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ კიევი ე.წ. ენერგეტიკულ ზავს იცავს.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთი ცდილობს, კიდევ ერთი ზამთარი გამოიყენოს უკრაინის წინააღმდეგ.

„რუსეთი ცდილობს, კიდევ ერთი ზამთარი, კიდევ ერთი ცივი ამინდის პერიოდი გამოიყენოს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, ყოველდღიურად დაარტყას ჩვენს ელექტროსადგურებს, ელექტროქსელებს და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ყველა ნაწილს. რუსეთმა წლების წინ დაიწყო ჩვენი ელექტროენერგიის წარმოებისა და ელექტროქსელის წინააღმდეგ დარტყმების კამპანია და ყოველ ზამთარს, მათ შორის წელსაც, რუსები ცდილობენ, ეს თავდასხმები კიდევ უფრო ინტენსიური გახადონ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთმა უკვე დაარღვია დონალდ ტრამპის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.

„ჩვენ ველოდებით ამერიკელებსა და რუსებს შორის საუბრის დეტალებს და ველოდებით, რა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას აპირებენ ამერიკელები. ენერგეტიკული ცეცხლის შეწყვეტამ შეიძლება იმუშაოს და ომის დასრულებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი გახდეს, თუ ამერიკელები ნამდვილად ჩაერთვებიან და დარწმუნდებიან, რომ რუსეთი პატივს სცემს ენერგეტიკულ ცეცხლის შეწყვეტას“, – განაცხადა ზელენსკიმ.

რაც შეეხება უკრაინაში სარპეზიდენტო არჩევნების ჩატარების საკითხს, ზელენსკიმ თქვა, რომ ქვეყანაში არჩევნების ჩატარება ცეცხლის შეწყვეტის გარეშე შეუძლებელია.

„საჭიროა ცეცხლის შეწყვეტა, სრული ცეცხლის შეწყვეტა. ბრძოლაში ზავი თუ იქნება, მზად ვარ, უკრაინის პარლამენტთან ერთად რთული გადაწყვეტილებები მივიღო არჩევნების ძალიან სწრაფად ჩასატარებლად“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მსგავსი