ვოლოდიმირ ზელენსკი - ომი გრძელდება მხოლოდ პუტინის სურვილის გამო, რუსეთი ცდილობს, ომი ერთგვარ ახალ ნორმად აქციოს
ეს ომი გრძელდება მხოლოდ პუტინის სურვილის გამო, გააგრძელოს ომი, გააჭიანუროს ომი. რუსეთი ცდილობს, ომი ერთგვარ ახალ ნორმად აქციოს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური მიმართვისას ისაუბრა.
„ჩვენ ვერასდროს დავეთანხმებით ამას. ჩვენ აბსოლუტურად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რაც შესაძლებელია, რათა რუსეთი ვაიძულოთ, შეწყვიტოს მკვლელობები. მშვიდობა მხოლოდ ძალის მეშვეობით არის შესაძლებელი. ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ პრეზიდენტ ტრამპთან, ვესაუბრეთ კონგრესის წარმომადგენლებს. უკრაინისა და აშშ-ის გუნდები ვმუშაობთ, რათა მოგვაწოდონ ის საშუალებები, რომლებიც გვჭირდება სიცოცხლის დასაცავად, ჩვენი სახელმწიფოს დასაცავად, ამერიკული იარაღი, ამერიკული სანქციები რუსეთის წინააღმდეგ – კონგრესში უკვე მომზადებულია სანქციების შესახებ კანონი. ასევე, ევროპული დაფინანსებისა და მხარდაჭერის, ჩვენი საერთო თავდაცვის უზრუნველსაყოფად. უკრაინის სამხედროები, ჩვენი დაზვერვა, სპეცსამსახურები კიტ კელოგს მიაწვდიან ყველა საჭირო ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა ხდება ახლა ფრონტის ხაზზე და რა ახალ შეტევით ნაბიჯებს ამზადებს რუსეთი. რუსეთს ჯერ კიდევ აქვს ამისთვის საშუალებები – საშუალებები, რათა გაანადგუროს მეზობლების სიცოცხლე. არამხოლოდ უკრაინა. მსოფლიომ იცის, სად უნდა დაარტყას, რათა პუტინმა იგრძნოს ტკივილი, რათა რუსეთმა იგრძნოს მშვიდობის ძიების საჭიროება. ამისთვის რუსეთის ფინანსები უნდა შეწყდეს. რუსეთის კავშირები ირანთან და ჩრდილოეთ კორეასთან უნდა შეწყდეს. რუსული სამხედრო მრეწველობისთვის კომპონენტებისა და აღჭურვილობის ნებისმიერი მიწოდება უნდა შეწყდეს“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უკრაინა აშშ-თან ახალ შეთანხმებებზე მუშაობს.
„მადლობელი ვარ ჩვენი გუნდის, მადლიერი ვარ შეერთებული შტატების, მადლიერი ვარ გერმანიისა და ნორვეგიის უკრაინისთვის „პეტრიოტებთან“ დაკავშირებით ახალი გადაწყვეტის მომზადებისთვის. ჩვენ ასევე ვმუშაობთ ამერიკასთან მნიშვნელოვან თავდაცვის შეთანხმებებზე. ახლა არ არის დეტალებზე საჯაროდ საუბრის დრო, მაგრამ ერთად ბევრი რამის გაკეთება შეგვიძლია უსაფრთხოებისთვის. უკრაინა მზადაა ყველა ეფექტური ნაბიჯისთვის მშვიდობისთვის – ხანგრძლივი მშვიდობისთვის, რეალური უსაფრთხოებისთვის. რუსეთი არ არის მზად. სწორედ რუსეთი უნდა ვაიძულოთ“, – განაცხადა ზელენსკიმ.