ვოლოდიმირ ზელენსკი - ოკუპანტები ყველაფერს აკეთებენ, რომ ბახმუტში ერთი მთლიანი კედელიც არ დარჩეს
ოკუპანტები ყველაფერს აკეთებენ, რომ ქალაქ ბახმუტში ერთი მთლიანი კედელიც არ დარჩეს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში მთავარი მიმართულება სწორედ ბახმუტია. ზელენსკის განცხადებით, თუ პარტნიორი ქვეყნები უკრაინას საჰაერო თავდაცვის თანამედროვე სისტემებს საკმარისად მიაწოდებენ, რუსეთის ტერორის მთავარი იარაღი განეიტრალდება. უკრაინის პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ რუსეთს მოუწევს აგრესიის შეწყვეტა, როდესაც სარაკეტო დარტყმებს ვეღარ განახორციელებს.
„ჩვენ უკვე ვამზადებთ სპეციალურ სამიტს ამ ზამთარში, სამიტი მშვიდობისთვის, ჩვენი ქვეყნისა და ნებისმიერი სხვა ხალხისთვის, ვინც შეიძლება, დაექვემდებაროს იმავე აგრესიას, იმავე ტერორს, რომელიც რუსეთმა შემოიტანა ჩვენს მიწაზე. უკრაინული მშვიდობის ფორმულა არის ათი ნათელი წერტილი, რომელსაც შეუძლია, შექმნას უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა, რაც გლობალურად მნიშვნელოვანია. რაღაც, რაც მთელ ჩვენს უკრაინულ მიწას, მთელ ჩვენს ხალხს თავისუფლებას დაუბრუნებს და რაც იქნება სხვა ხალხების თავისუფლებისა და უსაფრთხოების გარანტი. ასე რომ, ჩვენ ვიწვევთ პარტნიორებს, გამოიჩინონ თავიანთი ლიდერობა მშვიდობის უზრუნველსაყოფად, ისევე, როგორც ახლა ნაჩვენებია სხვადასხვა ქვეყნისა და სხვადასხვა სახელმწიფო მოღვაწის ლიდერობა თავისუფლების დასაცავად. ჩვენ ერთად ვიბრძვით უკრაინისთვის, ღირებულებებისთვის, რომლებიც აერთიანებს ევროპასა და დემოკრატიულ სამყაროს, სიცოცხლის გლობალური ღირებულებისთვის. ყველაფრისთვის, რის განადგურებასაც ცდილობს რუსეთი“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.