ვოლოდიმირ ზელენსკი - ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე გამოსვლისას ალიანსის ქვეყნებს მოვუწოდე კონკრეტული ქმედებებისკენ მშვიდობის უკრაინული ფორმულის განსახორციელებლად
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას ალიანსის ქვეყნებს მშვიდობის უკრაინული ფორმულის განხორციელებისკენ მოუწოდა. ამის შესახებ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
„მოვუწოდე ალიანსის ქვეყნებს კონკრეტული ქმედებებისკენ მშვიდობის უკრაინული ფორმულის განსახორციელებლად, რომელსაც შეუძლია, უკრაინისა და მთელი ევროატლანტიკური თანამეგობრობისთვის მშვიდობის, სამართლიანობის საიმედოდ უზრუნველყოფა. ასევე, მოვუწოდე ნატო-ს წევრი ქვეყნების ყველა პარლამენტს, საბოლოოდ მიიღონ გადაწყვეტილება რუსეთის ტერორისტ სახელმწიფოდ აღიარების შესახებ. მჯერა, რომ თანდათან მივალთ ამ შედეგამდე – სწორედ ასე იქნება აღქმული რუსეთი მსოფლიოში, ტერორისტ სახელმწიფოდ“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დემილიტარიზაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ვმუშაობთ იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მითითება უკრაინული ატომური ობიექტების მიმართ მტრული აქტივობის შეწყვეტის შესახებ. ამისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დემილიტარიზაცია. რუსეთმა უნდა გაიყვანოს იქიდან ყველა თავისი მებრძოლი და შეწყვიტოს სადგურის მისამართით ცეცხლის გახსნა. მადლობას ვუხდი პრეზიდენტ მაკრონს მზადყოფნისთვის, დაიცვას ჩვენი ენერგეტიკული ობიექტები. ასევე, ვაკეთებთ ყველაფერს, რომ უკრაინის აღდგენის კონფერენცია და ჩვენი სწრაფი აღდგენის გეგმის განხორციელება იყოს მაქსიმალურად შედეგიანი“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა ელექტროენერგიის რაციონალურად მოხმარებისკენ. მისი თქმით, რუსი ტერორისტების დარტყმებით უკრაინის ენერგეტიკისთვის მიყენებული ზიანი იმდენად დიდია, რომ ყველა მოქალაქე და ბიზნესი უნდა იყოს ძალიან ეკონომიური. როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, ყველაზე რთული სიტუაცია ამჟამად დედაქალაქში და კიევის ოლქშია, ასევე ვინიცის, სუმის, ტერნოპოლის, ჩერკასისა და ოდესის ოლქებში.
„დღეს ჩვენს ენერგეტიკოსებს მოუწიათ ელექტროენერგიის არა მხოლოდ სტაბილიზაციური გათიშვა, არამედ არაგეგმურიც. ეს გამოწვეულია იმაზე დიდი მოხმარებით, ვიდრე ამის უზრუნველყოფა ქვეყანას შეუძლია ამჟამად. ამიტომ მინდა, მივმართო საოლქო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თემების ყველა წარმომადგენელს: გთხოვთ, არ შეწყვიტოთ კომუნიკაცია ელექტროენერგიის რაციონალურ მოხმარებასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ენერგეტიკოსები, კომუნალური სამსახურების თანამშრომლები, მაშველები, ყველა მაქსიმალურად მუშაობს. თუმცა, რუსი ტერორისტების დარტყმებისგან ჩვენი ენერგეტიკისთვის მიყენებული სისტემური ზიანი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ხალხი და ბიზნესი უნდა იყოს ძალიან ეკონომიური და გაანაწილოს მოხმარება დღე-ღამის საათებით“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა ღირსების რევოლუციის დაწყების მეცხრე წლისთავზე.
„დღეს მაიდანის – ღირსების რევოლუციის დაწყების უკვე მეცხრე წლისთავია. თუმცა, უკრაინელი ხალხის თავისუფლება და ღირსება ათზე მეტი წლისაა. ეს უნდა გვახსოვდეს. ჩვენი ხალხის თავისუფლებას და უკრაინელების არსებობას არაერთი საფრთხე შექმნია. თუმცა, ხალხმა ეს გადალახა. და ახლა ჩვენ გვაქვს ისტორიული შესაძლებლობა, ერთხელ და სამუდამოდ დავიცვათ უკრაინული თავისუფლება. მჯერა, რომ ასეც იქნება“, – განაცხადა ზელენსკიმ.