ვოლოდიმირ ზელენსკი – ნატო-მ შეგნებულად გადაწყვიტა, არ დაეხურა საჰაერო სივრცე უკრაინის თავზე, ადამიანებზე, ადამიანობაზე უნდა გეფიქრათ, ყველა, ვინც ამ დღიდან დაიღუპება, დაიღუპება თქვენ გამო

02:16, 05.03.2022

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის საჰაერო სივრცეში არასაფრენი ზონის შემოღებაზე უარის თქმის გამო ნატო-ს წევრი ქვეყნების უარი გააკრიტიკა.

უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ვიდეომიმართვისას განაცხადა.

„ნატო-ს ქვეყნების ყველა სადაზვერვო უწყებამ კარგად იცის მტრის გეგმები. მათ აგრეთვე დაადასტურეს, რომ რუსეთს შეტევის გაგრძელება სურს. როგორ შეიძლება? იმის გაგებით, რომ ახალი შეტევები და მსხვერპლი გარდაუვალია, ნატო-მ შეგნებულად გადაწყვიტა, არ დაეხურა საჰაერო სივრცე უკრაინის თავზე. მიგვაჩნია, რომ ნატო-ს ქვეყნებმა თავად შექმნეს ნარატივი, თითქოსდა უკრაინის თავზე საჰაერო სივრცის დახურვა გამოიწვევს რუსეთის პირდაპირ აგრესიას ნატო-ს წინააღმდეგ. ეს არის თვითჰიპნოზი მათთვის, ვინც სუსტი, დაუცველი არის შინაგანად, მაგრამ ჩვენზე მრავალჯერ ძლიერ იარაღს ფლობს. თქვენ ადამიანებზე, ადამიანობაზე უნდა გეფიქრათ. იმ შეხვედრაზე რაზე ფიქრობდით? ყველა ადამიანი, ვინც ამ დღიდან დაიღუპება – თქვენ გამო დაიღუპება. თქვენი სისუსტის გამო, თქვენი განხეთქილების გამო. ალიანსმა დღეს რაც გააკეთა – საკუთარი შესყიდვების სისტემიდან 50 ტონა დიზელის საწვავის გადაცემა იყო უკრაინისთვის, ალბათ იმიტომ, რომ ბუდაპეშტის მემორანდუმის დაწვა შევძლოთ? უკეთესად დაიწვას? მაგრამ ის ჩვენთვის უკვე დაიწვა რუსული ჯარების ცეცხლში“, – განაცხადა ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას.

მსგავსი