ვოლოდიმირ ზელენსკი - მზად ვარ, პრეზიდენტ ტრამპს შევხვდე, განსახილველია მგრძნობიარე საკითხები, ვფიქრობთ, ევროპელი ლიდერების მონაწილეობა, შესაძლოა, დაგვეხმაროს
უკრაინის შესახებ გადაწყვეტილებები უკრაინას უნდა მოიცავდეს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „მსურველთა კოალიციის“ ლიდერებთან საუბარში განაცხადა.
„ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ უკრაინის შესახებ უსაფრთხოების გადაწყვეტილებები უნდა მოიცავდეს უკრაინას. ეს იყო ჩვენი პოზიცია ჟენევაში. ევროპის შესახებ უსაფრთხოების გადაწყვეტილებები ყოველთვის უნდა მოიცავდეს ევროპას და იგივე ეხება კანადას, იაპონიას, ავსტრალიას, ახალ ზელანდიას, სხვა ქვეყნებს და ყველა ერს. ეს უბრალოდ სამართლიანია და რეალურად მუშაობს, რადგან როდესაც რამე წყდება ქვეყნის ან მისი ხალხის ზურგს უკან, ყოველთვის არსებობს მაღალი რისკი, რომ ის უბრალოდ არ იმუშავებს“, – აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უკრაინას აქვს ჟენევაში შემუშავებული ჩარჩოშეთანხმება და მზად არის, შეხვდეს ამერიკელ კოლეგას, დონალდ ტრამპს იმ სენსიტიური საკითხების განსახილველად, რომლებიც ჯერ კიდევ არსებობს.
„ეს ჩარჩო მაგიდაზეა და ჩვენ მზად ვართ, წავიდეთ წინ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად, პრეზიდენტ ტრამპის პირადი მონაწილეობით, ლიდერებსა და ყველა პარტნიორთან, ვისაც დახმარების ძალა და შესაძლებლობა აქვს. მზად ვარ, პრეზიდენტ ტრამპს შევხვდე, განსახილველია მგრძნობიარე საკითხები, ისინი ჯერ კიდევ არსებობს და ვფიქრობთ, რომ ევროპელი ლიდერების მონაწილეობა, შესაძლოა, დაგვეხმაროს“, – აღნიშნავს ვოლოდიმირ ზელენსკი.