ვოლოდიმირ ზელენსკი - მთავრობის წევრებს დავავალე, მოამზადონ ანგარიში შეჩერებული ამერიკული პროგრამების შესახებ, ისინი მუშაობენ იმის დასადგენად, რომელი პროგრამები განიცდიან დეფიციტს
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მთავრობას დაავალა, შეისწავლოს, რა გავლენას მოახდენს უკრაინულ პროგრამებზე აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ საგარეო დახმარების შეჩერება.
ზელენსკის განცხადებით, თანამდებობის პირებს დაევალათ, შეაფასონ დონალდ ტრამპის ბრძანების გავლენა.
„დღეს დავავალე მთავრობის წევრებს, მოამზადონ ანგარიში შეჩერებული ამერიკული მხარდაჭერის პროგრამების შესახებ. ეს ჰუმანიტარული პროგრამებია. ოლექსი კულება და სხვა თანამდებობის პირები მუშაობენ იმის დასადგენად, კონკრეტულად, რომელი პროგრამები განიცდიან დეფიციტს. ეს ეხება მრავალ სფეროს – კომუნიკაციებიდან და ციფრულ ტექნოლოგიებიდან დაწყებული, ვეტერანების, სკოლების, საავადმყოფოებისა და რეკონსტრუქციის მხარდაჭერით დამთავრებული“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას შემოწმების ჩატარებამდე აშშ-ის საგარეო დახმარების ყველა პროგრამის 90 დღით შეჩერების შესახებ, რათა განისაზღვროს, შეესაბამება თუ არა ეს პროგრამები მის პოლიტიკურ მიზნებს. მოგვიანებით პენტაგონში განმარტეს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის პროგრამებს არ ეხება.