ვოლოდიმირ ზელენსკი - „მსურველთა კოალიციას“ აქვს ერთნაირი ხედვა, რომ რუსეთი აკეთებს ყველაფერს მოლაპარაკებების პროცესის გაჭიანურებისა და ომის გახანგრძლივებისთვის
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, „მსურველთა კოალიციას“ აქვს ერთნაირი ხედვა, რომ რუსეთი აკეთებს ყველაფერს მოლაპარაკებების პროცესის გაჭიანურებისა და ომის გახანგრძლივებისთვის, – ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელებში „მსურველთა კოალიციის“ სხდომის შემდეგ დაწერა, რომელიც პარიზში 30 ქვეყნის ლიდერის მონაწილეობით გაიმართა.
ზელენსკი საჭიროდ მიიჩნევს უკრაინის მხარდაჭერის გაზრდასა და რუსეთზე ზეწოლის გაძლიერებას.
„ყველა გაერთიანებულია ერთნაირი სწრაფვით, დაასრულონ ეს ომი საიმედო მშვიდობითა და გრძელვადიანი უსაფრთხოებით. ჩვენ დეტალურად განვიხილეთ თითოეული ქვეყნის მზადყოფნა, წვლილი შეიტანოს უსაფრთხოების უზრუნველყოფაში ხმელეთზე, ზღვაზე, ჰაერსა და კიბერსივრცეში. ჩვენ შევათანხმეთ პოზიციები და განვიხილეთ უსაფრთხოების გარანტიების კომპონენტები. მადლობელი ვარ ყველასი იმის გაგებისთვის, რომ უსაფრთხოების მთავარი გარანტია ძლიერი უკრაინული არმიაა. არსებობს საერთო ხედვა, რომ რუსეთი ყველაფერს აკეთებს მოლაპარაკებების პროცესის გაჭიანურებისა და ომის გასაგრძელებლად. საჭიროა უკრაინის მხარდაჭერის გაზრდა და რუსეთზე ზეწოლის გაძლიერება. ამჟამად მზადდება ევროკავშირის სანქციების მე-19 პაკეტი. იაპონიაც მუშაობს სანქციების ნაბიჯებზე“,- წერს ზელენსკი.
უკრაინის პრეზიდენტი მადლობას უხდის პარტნიორებს მხარდაჭერისთვის.
„მადლობას ვუხდი ყველას ამ მნიშვნელოვანი სამუშაოსთვის, ჩვენი ხალხის მხარდაჭერისთვის და მზადყოფნისთვის, გააგრძელონ უკრაინასთან ყოფნა და დაგვეხმარონ სიცოცხლის დაცვაში. ცალკე მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს ამ ომის დასრულებისთვის ყველა მისი ძალისხმევისთვის და ამერიკის მზადყოფნისთვის, უზრუნველყოს უკრაინის მხარდაჭერა“, – აღნიშნავს უკრაინის ლიდერი.