ვოლოდიმირ ზელენსკი - მსოფლიომ უნდა შეაჩეროს ომი, მადლიერი ვარ ყველასი, ვინც უკრაინის მხარდასაჭერად მოქმედებს, თუმცა უკვე ერთი თვეა, ომი და მშვიდობიანი ხალხის წინააღმდეგ ტერორი გრძელდება
24 მარტს, ბრიუსელში სამი მნიშვნელოვანი სამიტი ჩატარდება, მნიშვნელოვანი თითოეული ჩვენგანის უსაფრთხოებისთვის. მათგან სერიოზულ ნაბიჯებს ველით, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მორიგ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტმა დასავლეთს მიმართა და მოუწოდა აჩვენონ საკუთარი პოზიცია უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით, რადგან ზელენსკის თქმით, „უკრაინის მიწები მხოლოდ დასაწყისია“.
„ჩვენ უნდა შევაჩეროთ რუსეთი, მსოფლიომ უნდა შეაჩეროს ომი. მადლიერი ვარ ყველასი, ვინც უკრაინის მხარდასაჭერად მოქმედებს, თავისუფლების მხარდასაჭერად, თუმცა, ომი გრძელდება. მშვიდობიანი ხალხის წინააღმდეგ ტერორი გრძელდება. უკვე ერთი თვეა, ამდენი ხანია. ეს გულს მტკენს მეც და გულს სტკენს ყველა უკრაინელს და ყველა თავისუფალ ადამიანს მსოფლიოში. ამავდროულად, გთხოვთ, წინ აღუდგეთ ამ ომს“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ აქვე მიმართა მშვიდობიან მოქალაქეებს, რომ უკრაინული სიმბოლიკით გავიდნენ ქუჩაში და გააპროტესტონ ომი.
უკრაინის პრეზიდენტმა მიმართა ასევე რუსეთის მოქალაქეებს და აღნიშნა, რომ რუსეთის საკუთარი მოქალაქეების დანარჩენი მსოფლიოსგან იზოლირებას ახდენს.
„თქვენი სახელმწიფო მსოფლიოსგან თქვენს იზოლირებას ახდენს, რათა გაუმარტივდეს თქვენი გაკონტროლება და უფრო მარტივად გაგიშვათ ომში. უკრაინა არასდროს ემუქრებოდა რუსეთის უსაფრთხოებას. გადაარჩინეთ თქვენი შვილები ომისგან. მოყევით ომზე სიმართლე“, – განაცხადა ზელენსკიმ.