ვოლოდიმირ ზელენსკი - მომავალი კვირისთვის რუსეთი შეიძლება შეეცადოს განსაკუთრებული სისასტიკის გაკეთებას, უკრაინის გამარჯვებისთვის კიდევ ბევრი უნდა ვიბრძოლოთ, გავუძლოთ ბევრ ტკივილს
უკრაინის გამარჯვებისთვის ჯერ კიდევ უნდა ვიბრძოლოთ, ჯერ კიდევ ბევრი რამ უნდა გავაკეთოთ, ჯერ კიდევ უნდა გავძლოთ და სამწუხაროდ, გავუძლოთ ბევრ ტკივილს, – აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოსახლეობისადმი საკუთარ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მომავალი კვირა მნიშვნელოვანია უკრაინისა და უკრაინელებისთვის, რადგან მოდის უკრაინის დამოუკიდებლობის აღსანიშნავი თარიღი (24 აგვისტო). მისი თქმით, მომავალ კვირას დაგეგმილია მნიშვნელოვანი შეხვედრები და ვიზიტები უკრაინის ნამდვილ მეგობრებთან.
„წინ არის აღსანიშნავი ზღვარი – ამ სრულმასშტაბიანი შემოჭრიდან ნახევარი წელი. ომი, რომელმაც ყველაფერი შეცვალა უკრაინისთვის, ევროპისთვის და მსოფლიოსთვის. რამდენი რამის მიღწევა შევძელით ბრძოლაში, გამოვგლიჯეთ რუსეთის ჯარს, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ვითომდა დაუმარცხებლად მიაჩნდათ. მახსოვს სრულმასშტაბიანი შემოჭრის პირველი დღეები, მახსოვს ის, რასაც მაშინ მეუბნებოდნენ და მირჩევდნენ სხვადასხვა „მრჩევლები“. ვიცი, რომ ბევრ მათგანს ახლა რცხვენია იმ სიტყვების, რაც მაშინ თქვა”, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, 178 დღის განმავლობაში უკრაინელებმა დაამტკიცეს, რომ დაუმარცხებლები არიან.
„ჩვენმა ერთიანობამ, ჩვენმა თავდაჯერებულობამ მოგვცა საშუალება, გაგვევლო ეს ექვსი თვე და მივსულიყავით ყველა უკრაინელისთვის ამ მნიშვნელოვან კვირამდე. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით და ვამბობთ გულწრფელად: უკრაინის გამარჯვებისთვის ჯერ კიდევ უნდა ვიბრძოლოთ, ჯერ კიდევ ბევრი რამ უნდა გავაკეთოთ, ჯერ კიდევ უნდა გავძლოთ და სამწუხაროდ გავუძლოთ, ბევრ ტკივილს, მაგრამ უკრაინელებს შეუძლიათ, სამართლიანად იამაყონ საკუთარი თავით, თავიანთი ქვეყნით, თავიანთი გმირებით”,- განაცხადა პრეზიდენტმა.
ამასთან, ზელენსკიმ მოსახლეობა გააფრთხილა, რომ მომავალი კვირისთვის რუსებს შესაძლოა, „რაღაც განსაკუთრებულად ცუდი“ აქვთ მომზადებული უკრაინელებისთვის.
„უნდა გვესმოდეს, რომ ამ კვირაში რუსეთი შეიძლება შეეცადოს რაღაც განსაკუთრებულად ამაზრზენის, რაღაც განსაკუთრებული სისასტიკის გაკეთებას. ასეთია ჩვენი მტერი, მაგრამ ამ ექვსი თვის განმავლობაში, ნებისმიერ სხვა კვირაში რუსეთი სულ ერთსა და იმავეს აკეთებდა – ამაზრზენს და სასტიკს. მტრის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა ჩვენი, უკრაინელების დამცირება, ჩვენი შესაძლებლობების, ჩვენი გმირების გაუფასურება, იმედგაცრუების, შიშის, კონფლიქტების გავრცელება. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ არასოდეს და არც ერთი წუთით არ დანებდეთ მტრის ზეწოლას და არ გამოავლინოთ სისუსტე”, – განაცხადა ზელენსკიმ.