ვოლოდიმირ ზელენსკი - მოლაპარაკებები გავმართე სირიის პრეზიდენტთან, შევთანხმდით, რომ ერთად ვიმუშავებთ, რათა ჩვენი საზოგადოებებისთვის მეტი უსაფრთხოება და განვითარების მეტი შესაძლებლობა შევქმნათ
ვოლოდიმირ ზელენსკი - მოლაპარაკებები გავმართე სირიის პრეზიდენტთან, შევთანხმდით, რომ ერთად ვიმუშავებთ, რათა ჩვენი საზოგადოებებისთვის მეტი უსაფრთხოება და განვითარების მეტი შესაძლებლობა შევქმნათ

არსებობს დიდი ინტერესი სამხედრო და უსაფრთხოების გამოცდილების გაზიარების მიმართ, ვაფასებ მათი მხრიდან ჩვენი ხალხისადმი პატივისცემის სიტყვებს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში სირიელ კოლეგასთან, აჰმედ ალ-შარაასთან შეხვედრის შემდეგ წერს.

მისივე თქმით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ერთად იმუშავებენ, რათა თავიანთი საზოგადოებებისთვის უფრო მეტი უსაფრთხოება და განვითარების მეტი შესაძლებლობა შექმნან.

„მოლაპარაკებები გავმართე სირიის პრეზიდენტთან, აჰმედ ალ-შარაასთან. ჩვენ შევთანხმდით, რომ ერთად ვიმუშავებთ, რათა ჩვენი საზოგადოებებისთვის უფრო მეტი უსაფრთხოება და განვითარების მეტი შესაძლებლობა შევქმნათ. განვიხილეთ რეგიონში არსებული ვითარება და მისი უკეთესობისკენ შეცვლის პერსპექტივები. ასევე, განვიხილეთ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის გარემოებები – მადლობელი ვარ მხარდაჭერისთვის. არსებობს დიდი ინტერესი სამხედრო და უსაფრთხოების გამოცდილების გაზიარების მიმართ. ვაფასებ მათი მხრიდან ჩვენი ხალხისადმი პატივისცემის სიტყვებს“, – წერს ზელენსკი.

ამასთან, ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა მზადაა, სირიასთან სურსათის მიწოდების საკითხებზე მუშაობა გააძლიეროს.

„ასევე, განვიხილეთ უკრაინის, როგორც საკვები პროდუქტების საიმედო მიმწოდებლის როლი და განვიხილეთ ერთობლივი შესაძლებლობები რეგიონში სურსათის მიწოდების უსაფრთხოების გასაძლიერებლად. ჩვენ კარგად გვესმის ენერგეტიკული და ინფრასტრუქტურული გამოწვევები, რომელთა წინაშეც ამჟამად სირია დგას. ჩვენ მზად ვართ, ერთად ვიმუშაოთ, რათა გავაფართოვოთ შესაძლებლობები როგორც ჩვენი ქვეყნებისთვის, ასევე ხალხებისთვის“, – წერს ზელენსკი.

ვოლოდიმირ ზელენსკი სირიაში დღეს ჩავიდა.