ვოლოდიმირ ზელენსკი მოითხოვს, რომ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე საერთაშორისო ექსპერტები უკრაინის ტერიტორიიდან ჩავიდნენ
ვოლოდიმირ ზელენსკი მოითხოვს, რომ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე საერთაშორისო ექსპერტები უკრაინის ტერიტორიიდან ჩავიდნენ

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დაჟინებით მოითხოვს, რომ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე საერთაშორისო ექსპერტები უკრაინის ტერიტორიიდან ჩავიდნენ. ამის შესახებ ზელენსკიმ ტრადიციული ვიდეომიმართვის დროს ისაუბრა. მისივე თქმით, საერთაშორისო მისიის ყველა პარამეტრი უკვე შეთანხმებულია.

„არ არსებობს ობიექტური დაბრკოლებები, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისია ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე არ მოხვდეს. დღეს გაერო-ს გენერალურ მდივანთან განვიხილეთ ეს პარამეტრები და ის, რომ ამ მისიას შეუძლია, ძალიან სწრაფად და უსაფრთხოდ მოხვდეს სადგურზე ლეგალური გზით, ჩვენი სახელმწიფოს თავისუფალი ტერიტორიის გავლით. და მხოლოდ და მხოლოდ ამგვარად. ვინც მოაწყო ბირთვული შანტაჟი, არ შეიძლება იყოს ასეთი მისიების „გადამყვანი“. რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა დაუშვას ატომური ენერგიის საერთაშორისო სპეციალისტები სადგურზე და ასევე დაუყოვნებლივ და წინაპირობების გარეშე გაიყვანოს საკუთარი ჯარი სადგურის ტერიტორიიდან. მსოფლიოს აქვს ამის ძალა, რომ ეს უზრუნველყოს. თუ ვერ უზრუნველყოფს, ეს ნიშნავს, რომ უბრალოდ შეგვიძლია სანაგვეზე მოვისროლოთ საერთაშორისო დოკუმენტები, როლებიც ბირთვულ და რადიაციულ უსაფრთხოებას ეხება. რუსეთი ანადგურებს ამ საერთაშორისო წესრიგს“, – განაცხადა ზელენსკიმ

მან ასევე თქვა, რომ დღეს გაერო-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე ისაუბრა რუსეთის მიერ დატყვევებული უკრაინელი სამხედროების საკითხზე

„მოვუწოდე ბატონ გენერალურ მდივანს, გამოიყენოს გაერო-ს ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობა, რათა რუსეთმა შეასრულოს ყველა საერთაშორისო ნორმები, რომლებიც სამხედრო ტყვეებს ეხება. ჩვენ ასევე განვიხილეთ ფაქტების შემსწავლელი მისიის გაგზავნის საკითხი ელენოვკაში. რუსეთის ტერაქტის შესახებ სრული სიმართლე დადგინდება“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე მიუსამძიმრა რუსეთის მიერ ხარკოვზე მიტანილი იერიშის დროს დაღუპულთა ოჯახებს.

„ძალიან ხისტი ღამე იყო ხარკოვში. ათზე მეტი დაიღუპა. ისევ ისროდნენ ნიკოლაევისა და ზაპოროჟიეს მიმართულებით. რუსეთის არმია კოლოსალურ რესურსებს ხარჯავს, რომ კიდევ ერთი კილომეტრი მაინც დაიკავოს დონბასში. რუსეთის ოფიციალური პირები ემუქრებიან ოდესას და უკრაინის სხვა ქალაქებს. ჩვენ ვხედავთ, რა ხდება ზაპოროჟიეს სადგურზე, რა მოხდა ელენოვკაში. ჩვენ შეგვიძლია და უნდა ვიფიქროთ მხოლოდ გამარჯვების გზებზე. გამარჯვების გზებზე ბრძოლის ველზე, პოლიტიკურ ასპარეზზე, საინფორმაციო ფრონტზე, ეკონომიკურ სიბრტყეში. ყველაგან. გვჯეროდეს საკუთარი თავის და დავეხმაროთ ერთმანეთს, დავიცვათ უკრაინის ინტერესები და გვჯეროდეს, რომ მშვიდობა დაისადგურებს“, – განაცხადა ზელენსკიმ.