ვოლოდიმირ ზელენსკი - მხოლოდ ისინი, ვისაც არ ესმით ომის თანამედროვე ტექნოლოგიური მდგომარეობა, გამოდიან ბუფერული ზონის შეთავაზებით, ეს არ ასახავს თანამედროვე ომის რეალობას
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უარი თქვა სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში უკრაინასა და რუსულ ძალებს შორის ბუფერული ზონის შექმნის წინადადებაზე და განაცხადა, რომ ეს არ ასახავს თანამედროვე ომის რეალობას.
„მხოლოდ ისინი, ვისაც არ ესმით ომის თანამედროვე ტექნოლოგიური მდგომარეობა, გამოდიან ბუფერული ზონის შეთავაზებით,“ – განუცხადა ზელენსკიმ ჟურნალისტებს.
მისი კომენტარი მოჰყვა გამოცემა „პოლიტიკოს” ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ევროპელი ლიდერები განიხილავდნენ 40 კმ-იან ბუფერულ ზონას, როგორც ცეცხლის შეწყვეტის, ასევე გრძელვადიანი შეთანხმების შემადგენელ ნაწილს.
თუმცა, ზელენსკის თქმით, ფრონტის ხაზის ორივე მხარეს უკვე არსებობს ზონა, სადაც მძიმე არტილერია ვერ მოქმედებს დრონების შეტევის საფრთხის გამო.
„დღეს ჩვენი მძიმე შეიარაღება ერთმანეთისგან 10 კმ-ზე მეტ მანძილზეა განთავსებული, რადგანაც ყველაფერი დრონების დარტყმის ქვეშ ექცევა“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
„ეს ბუფერია, მე მას „მკვდარ ზონას“ ვუწოდებ, ზოგი „ნაცრისფერ ზონას“ ეძახის. ის უკვე არსებობს“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, ასეთი შეთანხმება, რომელიც ბუფერული ზონის მოწყობას გაითვალისწინებს, ასევე შეიძლება ნიშნავდეს, რომ უკრაინამ გარკვეული ტერიტორიები დათმოს, რაზეც ზელენსკიმ უარი განაცხადა: „რუსეთს ჩვენთან უფრო დიდი დისტანცია თუ სურს, მათ შეუძლიათ, უკან დაიხიონ უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების სიღრმეში“.
მან ასევე დაამატა, რომ რუსეთი დიპლომატიისთვის მზად არ არის და მხოლოდ ომის დასრულების გადავადების გზებს ეძებს.