ვოლოდიმირ ზელენსკი - მიმდინარეობს მუშაობა ომის დასრულების, უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დოკუმენტებზე, უკრაინის მომლაპარაკებლებს ამერიკულ მხარესთან კონსტრუქციული თანამშრომლობა აქვთ
უკრაინის მომლაპარაკებელთა ჯფუფი ფლორიდაში მუშაობას განაგრძობს. უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ამერიკულ დელეგაციასთან, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წარმომადგენლებთან დღეს კიდევ რამდენიმე შეხვედრა გაიმართება.
„მიმდინარეობს მუშაობა ომის დასრულების, უსაფრთხოების გარანტიებისა და რეკონსტრუქციის შესახებ დოკუმენტებზე. ისინი დეტალურად განიხილავენ თითოეულ პუნქტს და ამერიკულ მხარესთან კონსტრუქციული თანამშრომლობა აქვთ. ეს მნიშვნელოვანია. ისინი ასევე განიხილავენ ვადებს – კონკრეტული გადაწყვეტილებების შესაძლო ვადებს. ველოდები რუსტემ უმეროვისა და ანდრეი გნატოვისგან დეტალურ ანგარიშს“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში.
ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთი უკრაინის საზღვაო ლოგისტიკაზე წვდომის დაბლოკვას ცდილობს და სწორედ ამიტომ საერთაშორისო საზოგადოებას მოსკოვზე ზეწოლის გაძლიერებისკენ მოუწოდებს.
ზელენსკის თქმით, ზეწოლის გარეშე, ისინი აგრესიის რეალურად შეწყვეტას არ აპირებენ.
„ზეწოლა უნდა გაიზარდოს. ამიტომ მომავალ კვირას, მიუხედავად იმისა, რომ ეს იქნება შობის კვირა იქნება, როდესაც პოლიტიკური აქტივობა მთელ მსოფლიოში ჩაცხრება, ჩვენ მაინც ვიქნებით კონტაქტზე ჩვენს პარტნიორებთან, ყველასთან, ვისაც შეუძლია, დაგვეხმაროს ჩვენი სახელმწიფოს, ჩვენი ხალხის, ჩვენი ენერგიის, ჩვენი მდგრადობის დაცვაში, ყველასთან, ვინც რუსეთზე ზეწოლაზე მუშაობს, ყველასთან, ვინც ომის დასრულებას რეალობად აქცევს“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ წელს უნდა გამოქვეყნდეს უკრაინის მხარდაჭერის ახალი პაკეტები და ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც რუსეთის ომის წარმოების უნარს ამცირებს.