ვოლოდიმირ ზელენსკი – მასობრივ შიმშილზე მსოფლიოს ნებისმიერი სახის რეაქცია უკვე დაგვიანებულია
Ukrainian President Volodymyr Zelensky seen on a giant screen by video link delivering remarks at the Congress centre during the World Economic Forum (WEF) annual meeting in Davos on May 23, 2022. (Photo by Fabrice COFFRINI / AFP) (Photo by FABRICE COFFRINI/AFP via Getty Images)
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დავოსის ეკონომიკური ფორუმზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა, რომ მასობრივ შიმშილზე მსოფლიოს ნებისმიერი სახის რეაქცია უკვე დაგვიანებულია, რადგან მსოფლიოს არ აქვს საკვების კრიზისზე პრევენციული რეაგირების ინსტრუმენტი.
„ნებისმიერი რეაგირება მასობრივ შიმშილზე დაგვიანებულია. როგორც ასეთი, შიმშილი უნდა შეაჩერო პრევენციულად, ვიდრე დაიწყება, მაგრამ ახლა მსოფლიოს არანაირი ინსტრუმენტი არ აქვს. ამიტომ უკრაინა გამოდის ინიციატივით, შეიქმნას საკვების ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაცია“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მსოფლიოს უნდა ჰქონდეს შიმშილისგან დაზღვევის მექანიზმი და უკრაინა მზად არის, ასეთი ორგანიზაციის შექმნისთვის პლატფორმა შესთავაზოს. ზელენსკის თქმით, რუსეთის ომმა აჩვენა, რომ იმ ქვეყნის დახმარება, რომელსაც თავს დაესხნენ, უფრო ღირებულია, თუ სწრაფად ხდება.
„იარაღი, ფინანსები, პოლიტიკური მხარდაჭერა, სანქციები – ჩვენ რომ ეს ყველაფერი 100 პროცენტით თებერვალში მიგვეღო, ათასობით სიცოცხლე გადარჩებოდა. აი, ამიტომ სჭირდება უკრაინას ყველა ის იარაღი, რომელსაც ითხოვს და არა მხოლოდ ის, რასაც ვიღებთ. აი, ამიტომ გვჭირდება ფინანსები“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.