ვოლოდიმირ ზელენსკი მარკო რუბიოს პასუხობს – შეუძლებელია, რუსებთან ეკონომიკურ პროექტებზე შეთანხმებას აფორმებდე და საუბრობდე მოლაპარაკებების ჩიხში შესვლაზე
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი არ ეთანხმება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებას, რომ ომის დიპლომატიური გზით დასრულება შეუძლებელია, რადგან ვითარება „ჩიხში შევიდა“.
ზელენსკიმ შეერთებულ შტატებს მოუწოდა, დაეხმაროს უკრაინას საჰაერო უპირატესობის მოპოვებასა და რუსეთის წინააღმდეგ ზეწოლის გაძლიერებაში.
„ჩვენ ომის განმავლობაში ძალიან ბევრი განსხვავებული რამ მოვისმინეთ. ძალიან ბევრი გამოუვალი სიტუაცია, რთული მდგომარეობა და ა.შ. თავად ჩვენ – ადამიანები, ლიდერები, პოლიტიკოსები – ვაყენებთ საკუთარ თავს ჩიხში. ომის პირველ დღესაც კი არ ვყოფილვართ ჩიხში, რადგან ერთმა ადამიანმა სცადა მთელი ხალხის ჩიხში მოქცევა, მაგრამ ხალხი აჯანყდა და საკუთარ სახელმწიფოს იცავდა“, – განაცხადა ზელენსკიმ
ზელენსკის თქმით, ჩიხიდან გამოსვლა რთული არ არის და ამისთვის საჭიროა რუსეთის მიმართ ეკონომიკური ზეწოლის გაძლიერება, უკრაინისთვის რუსეთის ტერიტორიაზე „სტარლინკის“ გამოყენების უფლების მიცემა და რუსეთთან სამომავლო პროექტებზე შეთანხმების შეწყვეტა.
„ერთი მხრივ, რუსებთან სამომავალო ეკონომიკურ პროექტებზე შეთანხმებას აფორმებდე და, მეორე მხრივ, ამბობდე, რომ ჩვენ დიპლომატიურ ჩიხში ვართ. ჩვენ დიპლომატიურ ჩიხში არ ვართ. სრულად ჩაუკეტეთ რუსეთს ეკონომიკა. რუსეთს პირი აუკარით. ნუ მიაწვდით მათ საკუთარ პროდუქციას. უბრალოდ დაუწესეთ სანქციები მათ იარაღს. გახსენით „სტარლინკი“ ჩვენთვის, უკრაინისთვის“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ შეერთებულმა შტატებმა მსგავსი რამ უკვე გააკეთა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დროს, როდესაც, მისი თქმით, „ისრაელი სრულად აკონტროლებდა ირანის ცას“.
„როცა გჭირდებათ, ეს ასე მუშაობს. უბრალოდ აკონტროლეთ ცა, რათა საკუთარი თავი დაიცვათ. შეერთებულ შტატებს ეს შესაძლებლობა აქვს. მათთვის უკრაინის დახმარება არაფერს წარმოადგენს. მე პირდაპირ ვამბობდი: „მოგვეცით, დაგვეხმარეთ ცის დაცვაში და მოგვცით ცაში დომინირების შესაძლებლობა. და მაშინ პუტინი მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდება. რატომ? იმიტომ, რომ ყველაფერს დაკარგავს. სამი, ორი თვე და ის ყველაფერს დაკარგავს“. ჩვენ კი ველოდებით, როდის ექნებათ ჩინელებს ამის ანალოგი და როდის გადასცემენ მას რუსებს. მაშ, სად არის აქ სიმართლე, სად არის კეთილსინდისიერება? რა ჩიხი? ამას სურვილის არქონა ჰქვია“, – განაცხადა ზელენსკიმ.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე რუსეთ-უკრაინის ომის დიპლომატიური მოლაპარაკებების გზით დასრულება შეუძლებელია, რადგანაც ომი „სტრატეგიულ ჩიხში“ შევიდა. რუბიოს თქმით, დიპლომატიური ძალისხმევა უშედეგოა, რადგან რუსეთი დონბასზე სრული კონტროლის დამყარებას ითხოვს, უკრაინა კი ამ მოთხოვნას უარყოფს.