ვოლოდიმირ ზელენსკი - მაჰაჩყალაში რაც მოხდა, არის რუსეთის ფართოდ გავრცელებული სიძულვილის კულტურის ნაწილი სხვა ერების მიმართ
ვოლოდიმირ ზელენსკი - მაჰაჩყალაში რაც მოხდა, არის რუსეთის ფართოდ გავრცელებული სიძულვილის კულტურის ნაწილი სხვა ერების მიმართ

ის, რაც მაჰაჩყალაში მოხდა, არის რუსეთის ფართოდ გავრცელებული სიძულვილის კულტურის ნაწილი სხვა ერების მიმართ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს.

„ეს არ არის იზოლირებული ინციდენტი მახაჩყალაში, არამედ რუსეთის ფართოდ გავრცელებული სიძულვილის კულტურის ნაწილი სხვა ერების მიმართ, რომელსაც ავრცელებენ სახელმწიფო ტელევიზია, ექსპერტები და ხელისუფლება“, – წერს ზელენსკი „ტვიტერზე“.

ზელენსკის თქმით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში რუსეთის ლიდერები ანტისემიტურ განცხადებებს აკეთებენ.

„რუსული ანტისემიტიზმი და სიძულვილი სხვა ერების მიმართ არის სისტემური. სიძულვილი არის ის, რაც ამოძრავებს აგრესიას და ტერორს. ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ სიძულვილთან დასაპირისპირებლად“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი.

შეგახსენებთ, ისრაელის მედიის ინფორმაციით, დაღესტანში, მაჰაჩყალას აეროპორტის ტერმინალში პროპალესტინელები შეიჭრნენ, რის გამოც ისრაელიდან რეისი ალტერნატიულ აეროპორტში შესრულდა. მედიის ცნობით, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ პროპალესტინელები ისრაელელებზე თავდასხმას აპირებდნენ. თვითმფრინავი ალტერნატიულ აეროპორტში დაეშვა, მაგრამ მგზავრებს, უსაფრთხოების მიზნით, თვითმფრინავში დარჩენა სთხოვეს  და შემთხვევის ადგილზე სპეცრაზმი გამოიძახეს.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისი და საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებენ, რომ „თვალს ადევნებენ დაღესტანში მიმდინარე მოვლენებს და იმედოვნებენ, რომ რუსი სამართალდამცავები დაიცავენ ისრაელის ყველა მოქალაქისა და ებრაელის უსაფრთხოებას”.