ვოლოდიმირ ზელენსკი - მადლობა მათ, ვინც დაგმო რუსული ბოროტების მორიგი გამოვლინება, ამ რაკეტების სამიზნე არის ადამიანობა და მთელი ევროპული კულტურის საფუძვლები
ვოლოდიმირ ზელენსკი - მადლობა მათ, ვინც დაგმო რუსული ბოროტების მორიგი გამოვლინება, ამ რაკეტების სამიზნე არის ადამიანობა და მთელი ევროპული კულტურის საფუძვლები

რაკეტების სამიზნე არ არის მხოლოდ ქალაქები, სოფლები და ადამიანები, მათი მიზანია მთელი ჩვენი ევროპული კულტურის საფუძვლები, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური მიმართვისას განაცხადა.

„მინდა, მადლობა გადავუხადო მათ, ვინც უკვე დაგმო რუსული ბოროტების მორიგი გამოვლინება. ადამიანებს არ უნდა ჰქონდეთ უფლება, შეეგუონ ტერორისტულ თავდასხმებს. ყველა ამ რაკეტის სამიზნე არ არის მხოლოდ ქალაქები, სოფლები ან ხალხი. მათი მიზანია ადამიანობა და მთელი ჩვენი ევროპული კულტურის საფუძვლები. ისეთი ტერორისტები, რომელთაც მსოფლიოს დაპყრობა შეეძლოთ, ჯერ არ ყოფილან და ვერც ესენი შეძლებენ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უკრაინამ დაიწყო მზადება მომავალ კვირაში დაგეგმილი ღონისძიებებისთვის, რომლებიც უკრაინის თავდაცვას გააძლიერებს.

„ჩვენ უკვე დავიწყეთ მზადება შემდეგი კვირის ღონისძიებებისთვის, რომლებიც აუცილებლად გააძლიერებს უკრაინულ თავდაცვას. მადლობას ვუხდი პარტნიორებს მხარდაჭერის ახალი პაკეტებისთვის. ყველაფერი, რაც რუსი ტერორისტების დამარცხებასთან გვაახლოებს, მნიშვნელოვანია. საბოლოო ჯამში, ყველაფერი დამოკიდებულია ყველას ერთიანობაზე და მონდომებაზე, მათზე, ვინც აფასებს თავისუფლებას, კულტურასა და სიცოცხლეს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ოდესის გვერდით დგას, ვინც ეხმარება დაზარალებულებს და ასუფთავებს მიწის ნაკვეთებს. ზელენსკიმ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა მაშველებსა და ექიმებს, სამხედროებსა და პოლიციას, მოხალისეებსა და ადგილობრივ ხელისუფლებას, ყველას, ვინც ეხმარება და იცავს საკუთარ ქალაქს.