ვოლოდიმირ ზელენსკი – ლუკაშენკომ შემომთავაზა მოსკოვში წაყვანა, მისი ჩემოდანი ვარ? თვითმფრინავში ჩამსვას და მოსკოვში გავფრინდეთ? ჯობია, პუტინი კიევში ჩამოიყვანოს, უსაფრთხოებას უზრუნველვყოფთ

11:51, 25.11.2026

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ არასერიოზული უწოდა ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს შეთავაზებას, რომ მასთან ერთად მოსკოვში გაფრინდეს და რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებები გამართოს.

„მან შემომთავაზა, თან წამიყვანოს. მე რა, მისი ჩემოდანი ვარ, თვითმფრინავში რომ ჩამსვას და გავფრინდეთ? მოსკოვში? რისთვის? ეს არასერიოზული საუბარია“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ომის პირობებში პუტინთან მოსკოვში შეხვედრა შეუძლებელია.

„ჩვენ ომის მდგომარეობაში ვართ. მოსკოვში ვერ შევხვდებით, კიევშიც ვერ შევხვდებით. ეს ყველაფერი კარგად გვესმის. ლუკაშენკომ პუტინი კიევში ჩამოიყვანოს. ჩვენ მათ უსაფრთხო მიღებას ვუზრუნველყოფთ. ეს ხომ მოლაპარაკებებია“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკის თქმით, მსგავსი შეთავაზებით ლუკაშენკო დაღუპულ უკრაინელებს ხუმრობის საგნად აქცევს.

„რუსებს პატივს ხომ სცემს? დაღუპულ რუსებსაც სცეს პატივი. რატომ მთავაზობს, მოსკოვში ჩასვლას? იცით, გაკვირვებას იწვევს, როდესაც ადამიანები საინფორმაციო სივრცეს ასეთი სრულიად აბსურდული, არაკონსტრუქციული წინადადებებით ავსებენ, რომლებიც ომის დასრულებას არ აახლოებს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მანამდე ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ მზად არის, ზელენსკისთან ერთად მოსკოვში გაფრინდეს და პუტინთან მოლაპარაკებებში მიიღოს მონაწილეობა. მისი თქმით, უკრაინის პრეზიდენტის უსაფრთხოების გარანტორი იქნებოდა.

„საბოლოო ჯამში, ჩვენ სამნი გადავწყვეტთ, როგორი იქნება ჩვენი – უკრაინის, ბელარუსისა და რუსეთის მომავალი. ჩვენ სამი სლავური ერი ვართ. ეს ჩვენი უმთავრესი როლია. მე და ზელენსკის შეგვეძლო, დავსხდარიყავით და მოსკოვში გავფრენილიყავით. მე, როგორც მისი უსაფრთხოების გარანტორი, მასთან ერთად ჩავჯდებოდი თვითმფრინავში და მოსკოვში გავფრინდებოდი. დავსხდებოდით და ვისაუბრებდით. თუ არ დათანხმდება, მაშინ იბრძოლოს. თავად წავიდეს ფრონტის ხაზზე, ხელში იარაღი აიღოს და იბრძოლოს. ომი მიმდინარეობს და ის უნდა შეჩერდეს. ჩვენ შეგვიძლია, შეთანხმებას მივაღწიოთ“, – განაცხადა ლუკაშენკომ.

მსგავსი