ვოლოდიმირ ზელენსკი სლოვაკეთის ოპოზიციის ლიდერს, მიხალ შიმეჩკას შეხვდა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში სლოვაკეთის უმსხვილესი ოპოზიციური პარტიის, „პროგრესული სლოვაკეთის“ ლიდერს, მიხალ შიმეჩკას უმასპინძლა.
უკრაინული მედიის ცნობით, შეხვედრისას ზელენსკიმ და შიმეჩკამ ორმხრივი ურთიერთობები და ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ყველაფერი, რაც თქვენ გააკეთეთ ჩვენი ხალხისთვის, თქვენი დამოკიდებულება, მადლობა ჩვენი სუვერენიტეტის, ჩვენი ხალხის მხარდაჭერისთვის. თქვენი ვიზიტი არის სიგნალი იმისა, რომ თქვენ გააგრძელებთ ჩვენი სუვერენიტეტის, ჩვენი დამოუკიდებლობის მხარდაჭერას“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
ზელენსკის თქმით, უკრაინისთვის მნიშვნელოვანია სლოვაკი ხალხისგან სიგნალის მოსმენა, რომ ისინი მხარს დაუჭერენ უკრაინელებს ევროკავშირისა და ნატო-სკენ მიმავალ გზაზე, რადგანაც ეს საკვანძო საკითხია.
ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინაში მოლაპარაკებებისთვის მიწვეული იყო სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო, მაგრამ მის ნაცვლად უკრაინის დედაქალაქში სხვა ლიდერი ჩავიდა.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ კიევსა და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს, რობერტ ფიცოს შორის მწვავე კონფლიქტის ფონზე კიევში ჩავიდა სლოვაკეთის ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დელეგაცია. ცნობისთვის, სლოვაკეთის პროდასავლური ოპოზიციური პარტიები უახლოეს მომავალში ფიცოს მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებას აპირებენ.