ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში, საცხოვრებელ კორპუსზე იერიშს „სასტიკსა“ და „ამაზრზენს“ უწოდებს, პარტნიორებს კი რუსეთის წინააღმდეგ ზეწოლის გაძლიერებისკენ მოუწოდებს

13:48, 25.09.2026

რუსეთის მიერ კიევზე მიტანილ საჰაერო იერიშებს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა. მან საცხოვრებელ კორპუსებზე მიტანილ იერიშებს სასტიკი და ამაზრზენი დარტყმები უწოდა. შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი ახალგაზრდის ოჯახს კი სამძიმარი გამოუცხადა.

„დღეს დილით რუსებმა კიევში საცხოვრებელ კორპუსს დრონით დაარტყეს. სამწუხაროდ, 14 წლის ბიჭი დაიღუპა. ვუსამძიმრებ მის ოჯახს და ახლობლებს. კიდევ შვიდი ადამიანი დაშავდა. ადგილზე ხანძარი ჩამქრალია და ადგილზე არსებული მდგომარეობის პირველი რეაგირების ჯგუფები უმკლავდებიან“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსულმა ძალებმა დილიდან რვა რეგიონი დაბომბეს, მათ შორის იყო სამედიცინო კლინიკაც, რომელშიც პაციენტები იმყოფებოდნენ.

„დღის დასაწყისიდან სულ რვა რეგიონი დაბომბეს. ოდესაში ფოსტის ობიექტზე ორმაგი დარტყმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. ზაპოროჟიეში სამედიცინო კლინიკა დაბომბეს, როდესაც ხალხი შიგნით იმყოფებოდა. ასევე არიან დაშავებულები სუმის და ნიკოლაევის ოლქებში“, – წერს ზელენსკი.

უკრაინის პრეზიდენტმა, ევროპელ და ამერიკელ კოლეგებს მხარდაჭერისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. მისი თქმით, რუსეთი ზამთრის მოახლოებასთან ერთად მხოლოდ ესკალაციას გამოიწვევს.

„დიპლომატიამ რომ იმუშაოს, უნდა განხორციელდეს აშშ-ის სანქციები და გაძლიერდეს ევროპული სანქციები“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მშვიდობის გასაღები პარტნიორებს უჭირავთ.

მსგავსი