ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში გერმანიისა და ნორვეგიის პარლამენტების თავმჯდომარეებს შეხვდა
ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში გერმანიისა და ნორვეგიის პარლამენტების თავმჯდომარეებს შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში გერმანიისა და ნორვეგიის პარლამენტების თავმჯდომარეებთან შეხვედრა გამართა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ბუნდესტაგის თავმჯდომარესთან შეხვედრისას ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიის მხრიდან უკრაინის თავდაცვის შემდგომი დახმარება, ასევე რუსი აგრესორის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერება განიხილა. როგორც მედია წერს, ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა გერმანიისგან ყველაზე ძლიერ და თავდაჯერებულ ლიდერობას ელოდება რუს აგრესორთან ბრძოლაში დახმარების მიმართულებით.

მედიის ცნობით, პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა გერმანიას უკრაინის ეკონომიკის ფინანსური მხარდაჭერისთვის და მოუწოდა გერმანიას, წამყვანი როლი შეასრულოს რუსული არმიის მიერ უკრაინის განადგურებული ტერიტორიების აღდგენაში.

მედიის ინფორმაციით, თავის მხრივ, ბარბელ ბასმა მადლობა გადაუხადა ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრისთვის და აღნიშნა, რომ მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია 8 მაისს უკრაინაში ყოფნა, რადგან აქვს მეორე მსოფლიო ომის მსხვერპლთა ხსოვნისთვის პატივის მიგების საშუალება.

ნორვეგიის პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრისას ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ნორვეგიულ საზოგადოებას ომის პირველივე დღიდან უკრაინის ხალხის მხარდაჭერისთვის.

თავის მხრივ, მასუდ გარახანმა განაცხადა, რომ შეშფოთებულია რუსული ოკუპაციის შედეგებით, რაც მან ნახა კიევის რეგიონში, ირპინსა და ბუჩაში.

„მინდა, დაგიდასტუროთ, რომ ნორვეგია ყოველთვის დგას უკრაინის გვერდით“, – განაცხადა მან.

მხარეებმა უკრაინის უსაფრთხოებისთვის ნორვეგიის მხარდაჭერა, ასევე რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემდგომი გაძლიერების საკითხები განიხილეს.