ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანს, უეს სტრიტინგს შეხვდა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანს, უეს სტრიტინგს უმასპინძლა.
შეხვედრის დაწყებისას ზელენსკიმ სტრიტინგს განუცხადა, რომ გასულ ღამეს კიევზე განხორციელებული თავდასხმა განსაკუთრებით მასშტაბური იყო.
ამასთან, როგორც უკრაინის პრეზიდენტმა განმარტა, მისი შეფასებით, რუსეთი არ აპირებს იერიშების შეწყვეტას, პირიქით, გეგმავს ესკალაციის გაძლიერებას ბალისტიკური რაკეტების გამოყენებით.
„ვფიქრობ, მათ სურთ განაგრძონ და გაზარდონ ესკალაცია ბალისტიკური რაკეტების გამოყენებით. ჩვენ გვაქვს საკუთარი შეფასება, რომელიც მინდა, გაგიზიაროთ – მიგვაჩნია, რომ ისინი ასეთი ბალისტიკური რაკეტების წარმოებას გაზრდიან“, – განაცხადა ზელენსკიმ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანთან შეხვედრისას.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინის თავდაცვითი სტრატეგია მხოლოდ თავდასხმების მოგერიებით არ შემოიფარგლება.
„დაცვა ასევე გულისხმობს იმ ადგილების მოძიებას, საიდანაც გვესხმის რუსეთი თავს და საიდანაც ისვრის, ასევე მათი შესაძლებლობების განადგურების მცდელობას“, – განმარტა უკრაინის პრეზიდენტმა.