ვოლოდიმირ ზელენსკი – კიევის ოლქში დაღუპულთა რაოდენობა 17-მდე გაიზარდა, მნიშვნელოვანია, პარტნიორებმა გაიგონ, რომ ანტიბალისტიკური სისტემების მიწოდების გაჭიანურება მსხვერპლს და ნგრევას იწვევს

11:42, 05.08.2026

რუსეთის მასირებული იერიშის შედეგად, კიევის ოლქში დაღუპულთა რაოდენობა 17-მდე გაიზარდა, დაშავებულია 44 ადამიანი, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს.

მისი განცხადებით, რუსეთმა 24 ბალისტიკური რაკეტა და 115 დრონი გამოიყენა.

როგორც ზელენსკიმ არნიშნა, თავდასხმის ძირითადი სამიზნე სამოქალაქო კომპანიების კუთვნილი საწყობები იყო, ასევე განხორციელდა დარტყმები ინფრასტრუქტურასა და სარკინიგზო სადგურზე.

„ამ ობიექტებს ომთან არანაირი კავშირი არ ჰქონდათ – ეს იყო ლუდის მწარმოებელი კომპანია, სამშენებლო მასალების საწყობები და სამოქალაქო ლოგისტიკური ობიექტები. ბალისტიკური რაკეტების ჩამჭრელ სისტემებს დღეს დაღუპული ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა შეეძლოთ. ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენმა პარტნიორებმა გაიგონ: ასეთი სისტემების მიწოდების გაჭიანურება ან ბალისტიკური რაკეტების საწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებების გადმოცემაზე უარი პირდაპირ იწვევს ასეთ საშინელ მსხვერპლსა და ნგრევას. პარტნიორებს, რომლებიც ჯერ კიდევ არ არიან მზად, უფრო აქტიურად ჩაერთონ ჩამჭრელი სისტემების მიწოდებაში, დახმარება შეუძლიათ ახალი სანქციების დაწესებით.

რუსეთის ბალისტიკური რაკეტების წარმოების მნიშვნელოვანი ნაწილი ჯერ კიდევ არ ექვემდებარება სანქციებს. დღესაც კი. საჭიროა ახალი ნაბიჯების გადადგმა – „დიდი შვიდეულის“, ევროკავშირის და ყველა იმ ქვეყნის მხრიდან, რომლებიც მხარდაჭერას გამოხატავენ. მადლობა მათ, ვინც მზად არის, ამ გზით დაგვეხმაროს“, – წერს ზელენსკი.

მსგავსი