ვოლოდიმირ ზელენსკი - კიდევ რა უნდა მოხდეს ევროპაში იმისთვის, რათა სკეპტიკოსებისთვის ცხადი გახდეს, რომ უკრაინის ევროკავშირის გარეთ დარჩენის ფაქტი ევროპის წინააღმდეგ მუშაობს
ვოლოდიმირ ზელენსკი - კიდევ რა უნდა მოხდეს ევროპაში იმისთვის, რათა სკეპტიკოსებისთვის ცხადი გახდეს, რომ უკრაინის ევროკავშირის გარეთ დარჩენის ფაქტი ევროპის წინააღმდეგ მუშაობს

დარწმუნებული ვარ, უკრაინის კანდიდატის სტატუსის შესახებ პასუხს მალე მივიღებთ; დარწმუნებული ვარ, რომ ამ გადაწყვეტილებას შეუძლია, გააძლიეროს არა მხოლოდ ჩვენი სახელმწიფო, არამედ მთელი ევროკავშირი, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, დღეს დაიწყო დიპლომატიური მარათონის დასკვნითი ეტაპი, რომელიც კვირა-ნახევარში უნდა დასრულდეს. მისივე თქმით, მომავალ კვირაში დაგეგმილია რიგი შეხვედრები ევროპელ ლიდერებთან.

„დარწმუნებული ვარ, უკრაინის კანდიდატის სტატუსის შესახებ პასუხს მალე მივიღებთ; დარწმუნებული ვარ, რომ ამ გადაწყვეტილებას შეუძლია, გააძლიეროს არა მხოლოდ ჩვენი სახელმწიფო, არამედ მთელი ევროკავშირი. კიდევ რა უნდა მოხდეს ევროპაში იმისთვის, რათა სკეპტიკოსებისთვის ცხადი გახდეს, რომ უკრაინის ევროკავშირის გარეთ დარჩენის ფაქტი ევროპის წინააღმდეგ მუშაობს? ჩვენ გავაგრძელებთ კიდევ უფრო ძლიერად მუშაობას ყველა დონეზე, რათა მივიღოთ სწორი გადაწყვეტილება. ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

ამასთან, ვიდეომიმართვისას ვოლოდიმირ ზელენსკი ხერსონსა და მელიტოპოლში რუსული პასპორტების დარიგების საკითხსაც შეეხო და განაცხადა, რომ რუსული პასპორტების აღებას ძირითადად რუსებთან თანამშრომლობაში და მათ გარემოცვაში მყოფი პირები ცდილობენ, რომელთა მხრიდან პასპორტების აღება ქვეყნიდან გაქცევას გავს.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ხერსონის ოლქში უკრაინელმა სამხედროებმა ერთი დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს რუსებისგან და გარკვეულ წარმატებებს მიაღწიეს ზაპოროჟიეს ოლქშიც. მისივე თქმით, გრძელდება სასტიკი ბრძოლები ქალაქ სევეროდონეცკში და უკრაინელ დამცველებს მადლობა გადაუხადა თავგანწირული ბრძოლისთვის.

„გახსოვთ, მაისის დასაწყისში როგორი იმედი ჰქონდა რუსეთს, რომ მთელი დონბასის ხელში ჩაგდებას შეძლებდა? უკვე ომის 108-ე დღეა, უკვე ივნისია. დონბასი უძლებს. დამპყრობლების ზარალი, მათ შორის ამ მიმართულებით, საკმაოდ მნიშვნელოვანია. ზოგადად, რუსეთის არმიას დღეს უკვე ჰყავს დაახლოებით 32 ათასი დაღუპული. რისთვის? რა მოგცა ამან, რუსეთო?“ – განაცხადა ზელენსკიმ.