ვოლოდიმირ ზელენსკი ხერსონზე დარტყმებს დამარცხებულების შურისძიებას უწოდებს
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ხერსონის მისამართით ცეცხლის გახსნას დამაცხებულთა შურისძიებას უწოდებს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ტრადიციული ვიდეომიმართვის დროს განაცხადა.
„თითქმის ყოველ საათში ერთხელ ვიღებ ინფორმაციას ოკუპანტების მიერ ხერსონზე მიტანილი დარტყმების შესახებ. ასეთი ტერორი დაიწყო მაშინვე, როგორც კი რუსეთის არმია იძულებული გახდა, გაქცეულიყო ხერსონიდან. ეს დამარცხებულების შურისძიებაა. არ იციან, როგორ იომონ. ერთადერთი, რაც შეუძლიათ, არის დატერორება. ან ენერგეტიკული ტერორი, ან საარტილერიო, ან სარაკეტო. ეს არის ის, სადამდეც მოხდა რუსეთის დეგრადაცია მოქმედი მმართველების პერიოდში“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, რუსეთის ესკლაციისგან დასაცავად აუცილებელია უკრაინის ტერიტორიის გათავისუფლება და უსაფრთხოების მყარი გარანტიები.
ხერსონის მისამართით რუსეთის არმიამ გუშინ ღამით რამდენჯერმე გახსნა ცეცხლი არტილერიიდან და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან. შედეგად, ბოლო მონაცემებით, დაღუპულია შვიდი ადამიანი, 21 კი დაიჭრა.