ვოლოდიმირ ზელენსკი - ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ რუსეთის დარტყმის შემდეგ არსებულ პირობებში მაქსიმუმს მიაღწიოს
ოდესაში და რეგიონის სხვა ქალაქებსა და რაიონებში შესაძლებელი გახდა ელექტროენერგიის მიწოდების ნაწილობრივი აღდგენა. ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ რუსეთის დარტყმის შემდეგ არსებულ პირობებში მაქსიმუმს მიაღწიოს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ელექტროენერგიის მიწოდების კუთხით ასევე რთული ვითარებაა კიევის, ვინიცის, ტერნოპოლის, იმიერკარპატეთის, სუმისა და დნეპროპეტროვსკის ოლქებში.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ახალი კვირა უკრაინისთვის მნიშვნელოვანი იქნება, რადგან დაგეგმილია დიდი შვიდეულის ფორმატის შეხვედრა, უკრაინის აღდგენის კონფერენცია საფრანგეთში და შეხვედრა ევროკავშირში.
„ველაპარაკე პრეზიდენტ მაკრონს. ეს იყო საკმაოდ გრძელი საუბარი, საათზე მეტი და ძალიან ინფორმატიული. თავდაცვა, ენერგეტიკა, ეკონომიკა, დიპლომატია… ვაკოორდინირებთ ნაბიჯებს, ვემზადებით ჩვენი სამშვიდობო ფორმულის განსახორციელებლად. ამას პრეზიდენტი მაკრონი მხარს უჭერს და ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ვესაუბრე თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანს. როგორც ყოველთვის, ძალიან კონკრეტული საუბარი იყო, იმაზე, თუ რა არის მნიშვნელოვანი არა მხოლოდ უკრაინისა და თურქეთისთვის, არამედ ის, რაც ნამდვილად გლობალურია. განვიხილეთ შავი ზღვის საექსპორტო დერეფნის გაფართოების შესაძლებლობები. ჩვენ შევთანხმდით რამდენიმე მნიშვნელოვან ერთობლივ ნაბიჯზე უახლოეს მომავალში“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.