ვოლოდიმირ ზელენსკი – იმ დროს, როდესაც მოსკოვი ბალისტიკასა და ესკალაციაში დებს ძალისხმევას, სამწუხაროდ, ამას ყოველთვის არ მოჰყვება მსოფლიოს სათანადო რეაქცია
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსი სამხედროები დიდხანს ემზადებოდნენ კიევსა და სხვა ოლქებზე სხვადასხვა ტიპის ბალისტიკური რაკეტებით, ფრთოსანი რაკეტებითა და დრონებით მასშტაბური, კომბინირებული დარტყმებისთვის, რათა მაქსიმალურად დიდი ზიანი მიეყენებინათ სამოქალაქო ინფრასტრუქტურისთვის.
ზელენსკის განცხადებით, აღნიშნულის შედეგად ზიანი მიადგა როგორც დედაქალაქს, ასევე კიევის, ოდესისა და ჩერნიგოვის ოლქებს. უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, ამ დროისთვის მხოლოდ კიევში თორმეტი დაღუპული და 40-მდე დაშავებულია.
„სამწუხაროდ, იმ დროს, როდესაც მოსკოვი ბალისტიკასა და ესკალაციაში დებს ძალისხმევას, ასეთ დარტყმებზე ყოველთვის არ მოჰყვება მსოფლიოს სათანადო რეაქცია“, – ამბობს ზელენსკი და აღნიშნავს, რომ უკრაინას რუსული რაკეტების გაუვნებელყოფისთვის „პეტრიოტის“ რაკეტები სჭირდება.