ვოლოდიმირ ზელენსკი - იაპონიასთან მოლაპარაკებები უსაფრთხოების ორმხრივ შეთანხმებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ნაბიჯია, გადაწყვეტილი გვაქვს, ვიმუშაოთ დოკუმენტის სწრაფად ხელმოწერაზე
ვოლოდიმირ ზელენსკი - იაპონიასთან მოლაპარაკებები უსაფრთხოების ორმხრივ შეთანხმებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ნაბიჯია, გადაწყვეტილი გვაქვს, ვიმუშაოთ დოკუმენტის სწრაფად ხელმოწერაზე

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრს, იოკო კამიკავას შეხვდა.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი უკრაინაში პირველი საერთაშორისო ვიზიტით იმყოფება, რაც უკრაინელი ხალხის მხარდაჭერისთვის ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალია.

ზელენსკისთან შეხვედრისას იაპონიის პირველმა დიპლომატმა პირობა დადო, რომ მისი ქვეყანა მომავალშიც გააგრძელებს კიევის მხარდაჭერას. თავის მხრივ, ზელენსკიმ გამოხატა გულწრფელი მწუხარება ყველა უკრაინელისგან იაპონიაში ბოლო დამანგრეველი მიწისძვრის ტრაგიკულ შედეგებთან დაკავშირებით.

„იაპონიის ხალხს შეუძლია, უკრაინის სახელმწიფოსა და საზოგადოების მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა იაპონიას კიევის დახმარებისთვის რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყებიდან თითქმის ორი წლის განმავლობაში, კერძოდ, უკრაინის ეკონომიკის პოლიტიკური, ჰუმანიტარული და გრძელვადიანი ფინანსური მხარდაჭერისთვის.

„იაპონიასთან მოლაპარაკებების დაწყება უსაფრთხოების ორმხრივ შეთანხმებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს, აქტიურად ვიმუშაოთ ამ დოკუმენტის რაც შეიძლება სწრაფად ხელმოწერაზე“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ იაპონია 19 თებერვალს, იაპონიისა და უკრაინის კონფერენციის მასპინძლობით, მტკიცედ გამოხატავს თავის ერთგულებას უკრაინის აღდგენისა და მხარდაჭერის მიმართ საჯარო და კერძო პარტნიორობის ფარგლებში.