ვოლოდიმირ ზელენსკი – გულწრფელად რომ ვთქვა, უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება რუსებისთვისაც მომგებიანი იქნებოდა, მათთვის ეს უფრო მეტ უსაფრთხოებას ნიშნავს, ვიდრე ნატო-ს მიღმა დარჩენილი უკრაინა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფინეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას განაცხადა, რომ უკრაინა ომის დასრულების შემდეგ უსაფრთხოების გარანტიების სამ ვარიანტს განიხილავს.
„ჩვენ ვსაუბრობთ უსაფრთხოების გარანტიების ერთიან სისტემაზე. არსებობს ნატო, რომლის იმედიც ყველას აქვს. თუმცა განიხილება როგორც ნატო, ისე ამერიკის შეერთებული შტატების პირდაპირი გარანტიები, ამ საკითხზე ამჟამად ამერიკელებთან ვსაუბრობთ. აქ მეხუთე შესწორებაც იგულისხმება. ასევე არსებობს მსურველთა კოალიცია, რომლის ფარგლებშიც ევროპისთვის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფაში შეერთებული შტატების მონაწილეობაა გათვალისწინებული“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, უსაფრთხოების გარანტიები შეიძლება ეფუძნებოდეს უკრაინის ძლიერ არმიას. უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საუბარია უკრაინის თავდაცვის ძალების როგორც რაოდენობრივ, ისე ხარისხობრივ შემადგენლობაზე, რისთვისაც „მნიშვნელოვანი დაფინანსება“ იქნება საჭირო.
„ჩვენმა ევროპელმა და ამერიკელმა პარტნიორებმა ამის შესახებ იციან. ყველაფერი უკვე გათვლილი გვაქვს როგორც დაფინანსების, ისე ჩვენი სამხედრო მოსამსახურეების საჭირო რაოდენობის თვალსაზრისით, რათა ჩვენმა სახელმწიფომ თავი მშვიდად იგრძნოს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, უსაფრთხოების გარანტიების ერთ-ერთი შესაძლო ვარიანტი ნატო-ში გაწევრიანებაცაა, რაც, მისი თქმით, შესაძლოა, მომგებიანი იყოს როგორც ალიანსისთვის, ისე რუსეთისთვის.
„ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს მნიშვნელოვანია. ჩვენი არმია ნატო-სთვის მნიშვნელოვანია, ისევე როგორც ნატო არის მნიშვნელოვანი უკრაინის უსაფრთხოებისთვის. ამ საკითხზე ჯერჯერობით დეტალურად არ ვსაუბრობთ, თუმცა პარტნიორებთან განვიხილავთ. გულწრფელად რომ ვთქვა, ვფიქრობ, რომ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება თავად რუსებისთვისაც მომგებიანი იქნებოდა, მათთვის ეს უფრო მეტ უსაფრთხოებას ნიშნავს, ვიდრე ნატო-ს მიღმა დარჩენილი უკრაინა“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ამასთან, ზელენსკის თქმით, ხვალ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელთან, სტივ უიტკოფთან საუბარს ელოდება.